საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.
პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე 2020 17 აგვისტოს დაიწყო.
"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიებამ, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა 60-მდე პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის საქართველოს ეროვნული არქივიდან, საჯარო რეესტრის, სასაზღვრო პოლიციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული ბიბლიოთეკიდან, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები" - თქვეს პროკურატურაში 7 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, სადაც დაკავებულების შესახებაც გააკეთეს განცხადება.
"საქართველოს სამთავრობო კომისიის ერთ-ერთ წევრი და ამავდროულად ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ივერი მელაშვილი და მასთან ერთად ამ პროცესს წარმართავდა კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნატალია ილიჩოვა. ხსენებული პირები, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის განხორციელების მიზნებისათვის, ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, მოეხდინათ მათი შეჯერება, ანალიზი და მათ საფუძველზე შეედგინათ საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს შესაბამისი აუცილებელი საექსპერტო კვლევების ჩატარება და ასევე აღნიშნულ პროცესში არ ჩართეს კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ბრალდებულთა მიერ შედგენილ ალბომებში ხდებოდა მათ მიერვე შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთების დატანა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ორ სახელმწიფოს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების პროცესის ძირითად სახელმძღვანელო მასალას.
ბრალდებულებს ევალებოდათ შეექმნათ კონსტიტუციურ პრინციპებზე და რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალაზე დაფუძნებული რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წ) რაც გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში."
პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვს.
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.
ი.მ-ს და ნ.ი-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე" - წერია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურა ასევე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ის ტერიტორიებია ნაჩვენები, რომლებზეც კომისია მსჯელობდა.
რადიო თავისუფლებამ ივერი მელაშვილთან ინტერვიუ 3 ოქტომბერს ჩაწერა, მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია."
ასევე ნახეთ: დავით გარეჯი: საქართველოს სასარგებლოდ თუ საზიანოდ?
ივერი მელაშვილი: ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია
პროკურატურა: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა