Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად


4 ოქტომბერს ბელარუსში ათი ათასობით მოქალაქე გავიდა ქუჩებში ქვეყნის პოლიტპატიმრების მხარდასაჭერ აქციაზე. ბელარუსში უკვე მერვე კვირაა გრძელდება დემონსტრაციები ვეტერანი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ.

ოპოზიციური საინფორმაციო არხი Nexta იუწყება, რომ 100,000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა დედაქალაქ მინსკში გამართულ აქციაში, სადაც პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლოდ ქცეული, წითელი და თეთრი შეფერილობის დროშები, ისინი დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და ასე უახლოვდებოდნენ საპატიმროს. პოლიციამ მინსკის ცენტრში ქუჩები გადაკეტა, დროებით დაიხურა მეტროს ზოგიერთი სადგური, რათა მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში მისვლა გართულებოდათ.

უსაფრთხოების ძალებმა ბევრი დემონსტრანტი დააკავეს. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დაკავებულთა შორის მედიის სულ მცირე სამი თანამშრომელია. ადგილობრივი დამკვირვებლების ინფორმაციით, გამორთული იყო მობილური ინტერნეტი, რათა დემონსტრანტებს საშუალება არ მისცემოდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ცენტრში მისასვლელი ალტერნატიული გზები.

ბელარუსში აქციები გრძელდება 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელზეც გამარჯვებულად ლუკაშენკა გამოაცხადეს და რომელსაც ბევრი გაყალბებულად მიიჩნევს. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, დაშავდა ასობით პირი, დააპატიმრეს 10,000-ზე მეტი მოქალაქე.

ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, ხმების 80 პროცენტზე მეტით გამოცხადდა გამარჯვებულად არჩევნებზე - ოპოზიცია ამ შედეგს გაყალბებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კენჭისყრაში გამარჯვება მათმა კანდიდატმა, სვეტლანა ციახნოუსკაიამ მოიპოვა. არჩევნების შემდეგ ციხანოუსკაიამ თავი მეზობელ ლიეტუვას შეაფარა. 30 სექტემბერს ციხანოუსკაიამ თქვა, რომ დაიწყო ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირება და განაცხადა: "ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი არა მხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ უუნაროა შეასრულოს თავისი მოვალეობები".

XS
SM
MD
LG