კორონავირუსით ინფიცირების ტემპი მატულობს მთელი ევროპის მასშტაბით, რამდენიმე ქვეყანაში ბოლო დღეებში აღირიცხა ამ პროცესის სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელი, რამაც ქვეყნებს უბიძგა ადგილობრივი ე.წ. "ლოკდაუნების" და სხვა ტიპის შეზღუდვების შემოღებისკენ.
ევროკავშირი და ბრიტანეთი დღე-ღამეში 48,000-მდე ახალ შემთხვევას აღრიცხავენ, რაც მნიშვნელოვნად სცდება აპრილის მაჩვენებელს, როცა კონტინენტზე "ლოკდაუნი" მოქმედებდა.
საფრანგეთში 3 ოქტომბერს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი სარეკორდოდ მაღალი იყო და 24 საათში 16,972 შემთხვევას გაუტოლდა, რამაც მთლიანი რიცხვი 606,625 შემთხვევამდე გაზარდა. საფრანგეთის ბევრ ქალაქში ნიღბის ტარება ქუჩაშიც სავალდებულოა, საპორტო ქალაქ მარსელში მთლიანად დაკეტილია ბარები და რესტორნები. მიმდინარეობს განხილვა ანალოგიური ზომების ამოქმედებაზე პარიზშიც.
ბრიტანეთში 3 ოქტომბერს აღირიცხა ინფიცირების 12,872 ახალი შემთხვევა, რაც დღე-ღამეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების შემდეგ - თუმცა ეს რიცხვი მოიცავს წინა პერიოდში გამოუცხადებელ შემთხვევებსაც. მთავრობამ შეზღუდვები დააწესა საზოგადოებრივ თავშეყრაზე, ქვეყნის 66 მილიონი ადამიანისგან შემდგარი მოსახლეობის თითქმის მესამედი "ლოკდაუნშია".
შეზღუდვებს მხოლოდ ევროპაში არ აღადგენენ. ირანის სახელმწიფო ტელევიზია 3 ოქტომბერს იუწყებოდა, რომ თეირანის პროვინციაში დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და სულ მცირე ერთი კვირით გაუქმდა დაგეგმილი ღონისძიებები, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო.