Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის თქმით, რუკები მოძიებული იყო 1995-96 წლებში 


ივერი მელაშვილი
ივერი მელაშვილი

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი გამოკითხეს გენერალურ პროკურატურაში.

როგორც მელაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, "ახლადაღმოჩენილი რუკები", მისთვის და კომისიის წევრებისთვის, აღმოჩენა ნამდვილად არ იყო. ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი გადამუშავებულია თავის დროზე და ქართული მხარის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამოყენებულია მხოლოდ სამართლებრივად სწორი და ტექნიკურად გამართული მასალა.

კომისიის ყოფილი წევრი აზუსტებს, რომ საქმე ეხება 200 000-იანი მასშტაბის რუკებს, რომელიც გამოცემულია 1936-1937 წლებში, თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის სრულყოფილი მასალა.

„ჩემი განმარტება იყო, რომ არ შეიძლება მეორე მხარესთან საუბარი არასრულყოფილი მასალით. ის მასალა არის არასრულყოფილი, შეუთავსებელი სხვა რუკებთან და შესაბამისად, მიუღებელია.

ეს რუკა არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ვიღაცისთვის შეიძლება აღმოჩენა იყოს, მაგრამ ეს რუკა კომისიის ექსპერტთა ჯგუფს შესწავლილი აქვს, ანალიზი გაკეთებული აქვს, არის რაღაც მასალა, რომელიც გამოუყენებადია, არ არის მთლად არგუმენტირებული. რუკები ადრე მოძიებული იყო, დაახლოებით 1995-96 წლებში, არა მარტო ეს რუკა, სხვა უამრავი რუკა-მასალაა, დადგენილებები და სხვა დოკუმენტალური მასალა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის კომისიის წევრებისთვის, ვინც ვმუშაობდით, აღმოჩენა ნამდვილად არ იყო. ვიღაცის თავში მოიხარშა, რომ თითქოს რაღაცას მოვიგებთ, აქ არ არის მოგებაზე და წაგებაზე ლაპარაკი, უნდა იყო მართალი“, - თქვა მელაშვილმა. ის ვარაუდობს, რომ საბოლოოდ, „არჩევნები გადაივლის და ყველაფერი დაწყნარდება“.

ივერი მელაშვილი არ გამორიცხავს მის დაპატიმრებას, მაგრამ, მისი აზრით, მიმდინარე გამოძიება საღ აზრს მოკლებულია.

გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე, გამოკითხეს კომისიის კიდევ ერთი ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურა აცხადებს, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

პროკურატურამ 29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში სავარაუდო დანაშაულის ჩადენის თარიღი არ დაასახელა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შესაძლოა, საუბარია 2006-2007 წლებში კომისიის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც 24 სექტემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაზე ილაპარაკეს საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა თქვა, რომ მოძიებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები, დოკუმენტები და ექსპერტული დასკვნები, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა.

ზალკალიანის განცხადებით, ახალმა გარემოებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს 2006-2007 წლების შეთანხმების გადახედვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება. როგორც ზალკალიანმა თქვა, ორივე მხარეს საკითხისადმი კონსტრუქციული მიდგომა აქვს.

საქართველოს და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთანაა.

XS
SM
MD
LG