Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: თუ არ იქნება პროვოკაცია ოპოზიციისგან, არჩევნები წარიმართება მშვიდად


"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებს ოპოზიციას უკავშირებს. მან საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე, თქვა, რომ ეს რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციაა. მას ამ ინციდენტებში საკუთარი მხარდამჭერები არ დაუდანაშაულებია.

"ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც ჩვენ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე ისინი აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას", - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, ოპოზიციამ პროვოკაციები მოაწყო. მან პროვოკაციებში "ნაციონალური მოძრაობის" სახეები ნიკა მელია და ახმედ იმამკულიევი და "ძალა ერთობაშიას" ახალი წევრის კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები დაადანაშაულა. კობახიძემ ამ კონტექსტში თქვა, რომ ოქრიაშვილის მათი პარტიიდან ჩამოცილება სწორი გადაწყვეტილება იყო.

"არაერთგზის გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ. თუ არ იქნება პროვოკაციები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არჩევნები წარიმართება ისეთივე მშვიდ გარემოში, როგორც წარიმართებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში", - თქვა კობახიძემ.

ბოლო ორი დღეა მარნეულში ინციდენტები ხდება. რამდენიმე საათის წინ ​თბილისი-მარნეულის გზაზე "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტს სცემეს. მმართველი პარტია მათი წარმომადგენლის, თემურ შუბითიძის ცემაში ოპონენტებს ადანაშაულებს.

ამას წინ უსწრებდა გუშინ მარნეულში რამდენიმე ინციდენტი. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს, "მთავარი არხის" კორესპონდენტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორს, ასევე პირველი არხის ოპერატორს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, გივი ქველაძეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალადობა "ქართულ ოცნებას" დაუკავშირა.

XS
SM
MD
LG