Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა „ცეცხლთან თამაში" უწოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის თემაზე დაწყებულ გამოძიებას


საქართველოს მესამე პრეზიდენტი და საარჩევნო ბლოკის ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ილაპარაკა საქართველოს პროკურატურის განცხადების შესახებ, რომელიც შეეხებოდა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

„ეს არის იაფფასიანი რუსული ოპერაცია, მაგრამ გათვლილი არის იმაზე, რომ ფინთი გოიმივით ააგდონ ქართველი ხალხი, ოღონდ, ერთი რაღაც შეეშალა თვითონ მართლა ფინთ გოიმ ივანიშვილს, რომ ქართველი ხალხის ასე მოტყუება და გაცურება არ მოხერხდება. იმიტომ, რომ ძალიან მარტივია: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო ჩვენს ისტორიულ-კულტურულ ძეგლში შესვლა დაუბრკოლებლად, მოლოცვა, ბერად აღკვეცა. ამას საერთოდ ეჭვქვეშ არ აყენებდა აზერბაიჯანული მხარე“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის სადავო ტერიტორიის შესახებ.

ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „ბოლშევიკების“ დროის გადასცეს აზერბაიჯანს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. ის იხსენებს მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებას: „მე ყველა მოლაპარაკებაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ვაყენებდი საკითხს, რომ ოფიციალურად დაეკანონებინა ეს ტერიტორია საქართველოსთვის. მზად ვიყავით, რომ, როგორც საერთაშორისო სტანდარტია, ტერიტორიაც გაგვეცვალა, ოღონდ გარეჯი ოფიციალურად დაკანონებულიყო დელიმიტაციის დროს საქართველოს ნაწილად. პრაქტიკულად შეთანხმებას მივაღწიეთ ილჰამ ალიევთან ამასთან დაკავშირებით 2012 წელს, NATO-ს სამიტზე, როდესაც საბოლოო ეტაპზე ვიყავით, რომ მათაც მიეღოთ რაღაც ტერიტორია, მაგრამ ჩვენი გარეჯი ჩვენ დაგვრჩენოდა. მერე მოვიდნენ ესენი [„ქართული ოცნება“], ჩაშალეს მოლაპარაკებები, დაძაბეს აზერბაიჯანთან ურთიერთობა. ახლა ეს ურთიერთობები აზერბაიჯანთან ისტორიულ მინიმალურ ნიშნულზე. ასეთი ცუდი ურთიერთობები... ომი არ არის და დანარჩენი ყველაფერი. ამაზე უარესი არ შეიძლება იყოს. შესაბამისად, საქართველოს არავინ არ სცემს პატივს. ეს სიტუაცია დამთავრდება, როგორც კი ესენი [„ქართული ოცნება“] მოშორდებან“.

სააკაშვილი ძალიან საშიშ თამაშს უწოდებს საქართველოს ტერიტორიის საკითხზე მიმდინარე გამოძიებას. მისი შეფასებით, ეს არის „ცეცხლთან თამაში".

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურა აცხადებს, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

პროკურატურის განცხადებიდან დაზუსტებით არ ჩანს, სავარაუდო დანაშაული, როდის არის ჩადენილი.

XS
SM
MD
LG