ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეხვედრაზე კოვიდ-19-ის მსოფლიო პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევებსა და პანდემიასთან გამკლავების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ ამ კუთხით მიღწეული წარმატება, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის გადაუხადა მადლობა.
ამავე შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებსა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე 3 ძირითადი პრიორიტეტი დაისახა - დემოკრატიული განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება, შავი ზღვის ფართო რეგიონში საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცება და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესება. ქართული მხარის შეფასებით, საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ევროპის ალტერნატიული სატრანსპორტო და ტელეკომუნიკაციების ცენტრის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნის სტატუსით. ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქართველოს ფიზიკურად დაკავშირების მნიშვნელობას და ამ მიზნის მისაღწევად პრაქტიკული ინსტრუმენტების მოძიებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
საუბარი შეეხო ასევე 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებს ევროპული სტრუქტურების რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დააკვირდება, მათი უსაფრთხოების სტანდარტების სრულ დაცვას კი საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისაუბრეს ასევე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში, ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს. საუბარი შეეხო ასევე კიბერუსაფრთხოებას, როგორც თანამედროვე სახელმწიფოების წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე, ხოლო ერთ-ერთი ბოლო შეტევისას ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას. გიორგი გახარიას განცხადებით, წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და რისკები იზრდება, ამიტომ კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის მეთაურის რანგში, ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით პირველად სტუმრობს.
დღეს, 29 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. გაიმართა მათი ერთობლივი პრესკონფერენციაც.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტისას გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის და ევროპარლამენტის ხელმძღვანელებთან. დღეს, 29 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და ევროკომისარმა ვარჰეიმ ბრიუსელში ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს მოცულობის საფინანსო შეთანხმებებს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.