აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით 2016 წელს, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ამის თაობაზე იტყობინება ნიუ-იორკ ტაიმსი, თავის ანგარიშში, რომელიც 27 სექტემბერს გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ტრამპმა 2017 წელს იგივე თანხმა გადაიხადა, ხოლო ჯამში ათი წელი არ გადაუხდია ფედერალური საშემოსავლო გადასახადი (15 წლის განმავლობაში).
ნიუ-იორკ ტაიმსი აღნიშნავს, რომ საქმე ეხება დოკუმენტებს, რომლებიც საგადასახადო ორგანოებს წარუდგინა თვითონ ტრამპმა და ეს არ არის დამოუკიდებელი აუდიტის შედეგები.
პრესკონფერენციაზე, რომელიც გაზეთის მიერ ან ცნობების გამოქვეყნების შემდეგ გაიმართა, ტრამპმა ბრალდებას „ყალბი ცნობები“ უწოდა.
მან არ გაამხილა, რამდენი გადაიხადა გადასახადის სახით, გაიმეორა ძველი არგუმენტი, რომ მას არ შეუძლია ინფორმაციის გამხელა, რადგან ეს საქმე საგადასახადო უწყების მეთვალყურეობის ქვეშაა. ტრამპის თქმით, უწყება მას კარგად არ ეპყრობა და ყველაფერი გამომზეურდება, როცა აუდიტი დასრულდება.
Trump Organization-ის ადვოკატმა, ალან გარტენმა ტაიმსს უთხრა, რომ ყველა ფაქტი თუ არა, უმეტესობა არასწორია. მისი თქმით, პრეზიდენტმა ათეულობით მილიონი დოლარი გადაუხადა ფედერალურ მთვარობას პირადი გადასახადის ფორმით, მათ შორის მილიონები 2015 წელს კანდიდატად მისი დასახელებისთანავე. საქმე შეიძლება ეხება სხვა სახის გადასახადებს, არა საშემოსავლოს.
ტრამპი ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტია ბოლო პერიოდში, რომელიც არ აქვეყნებს მონაცემებს გადასახადების შესახებ და სასამართლოს გზით ებრძვის მათ, ვინც ცდილობს მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას.
29 სექტემბერს აშშ-ში იმართება დებატები ტრამპსა და საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მეტოქე, დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის.