ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოს მთავრობის მოწვევით დღეს, 25 სექტემბერს, გახსნა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია (EOM) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ელჩ ჯილიენ სტირკის ხელმძღვანელობით მისია შედგება ძირითადი გუნდის 13 ექსპერტისა და 27 ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლისაგან. დამკვირვებლები 1 ოქტომბრიდან გადანაწილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ODIHR-ის აგრეთვე გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებელის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას, როგორც ეუთო-ს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან.
დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო პროცესის ფუნდამენტურ ასპექტებს - კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. მისი ასევე შეაფასებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში.
სადამკვირვებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია შეხვედრა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. არჩევნების დღეს, სადამკვირვებლო მისია (ODIHR EOM), ეუთო-სა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლასა და შედეგების შეჯამებას. სადამკვირვებლო პროცესის მიმდინარეობისას გამოქვეყნდება შუალედური ანგარიში საზოგადოებისა და მედიის ინფორმირების მიზნით. არჩევნების მომდევნო დღეს პრესკონფერენციაზე გაკეთდება განაცხადი არჩევნების წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ. საბოლოო ანგარიში, რომელიც შეაჯამებს სადამკვირვებლო პროცესს და გასცემს რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ.