Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მიგრაციასთან დაკავშირებით ახალ შეთანხმებას განიხილავს


რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების რეპორტიორი ბრიუსელიდან.
რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების რეპორტიორი ბრიუსელიდან.

იმ უამრავ კრიზისს შორის, რომლებთან გამკლავებაც მოუწია ბოლო წლებში ევროკავშირს, 2015-2016 წლების მიგრაციის კრიზისი ყველაზე მწვავე იყო - ამ გამოწვევამ ბლოკი ლამის შუაზე გახლიჩა.

ფრონტის ხაზზე მყოფი წევრი სახელმწიფოები - საბერძნეთი, მალტა და იტალია - მიიჩნევდნენ, რომ დანარჩენი ქვეყნები მათ მიმართ არასაკმარისად სოლიდარულები იყვნენ. აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფო მტკიცე უარს აცხადებდა მიგრანტთა მიღებაზე. ისინი დღემდე უფრთხიან კვოტებზე მოლაპარაკებებს, გერმანიისა და შვედეთის მსგავს ქვეყნებში კი მიგრანტთა უზარმაზარი ნაკადის შედინება დღემდე პოლიტიკური დებატების საგანია.

ამ კრიზისისა და მის მიერ წარმოქმნილი დაძაბულობის კვალი ევროკავშირს დღემდე ეტყობა. ავიღოთ შენგენის უპასპორტო ზონა, რომელიც სრულად ხუთი წლის შემდეგაც კი არ აღდგენილა - ბევრგან გრძელდება შიდა სასაზღვრო შემოწმებები და ანტიმიგრანტული განწყობების ულტრამემარჯვენე პარტიებიც სულ უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ. ბევრი ექსპერტის აზრით, ფოტოებმა, სადაც ათასობით მიგრანტის გადაადგილება იყო აღბეჭდილი, გადამწყვეტი როლი ითამაშა 2016 წლის „ბრექსიტის“ რეფერენდუმზე.

შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისიამ მორიგი თავსატეხი გაიჩინა, როდესაც განსახილველად წარადგინა შეთანხმება ახალ მიგრაციასთან დაკავშირებით. მისი მიზანია გააუმჯობესოს ევროკავშირის საგარეო საზღვრებისა და თავშესაფრის მიღების მსურველთა მართვა.

თუმცა ამჯერად მსგავსი შეთანხმების მიღწევას რამდენიმე ფაქტორი აიოლებს. პირველი რაოდენობის შემცირებაა. 2015-16 წლებში, სირიის ომის პიკის დროს, ევროკავშირის ტერიტორიას 2 მილიონამდე ადამიანი მიაწყდა. ახლა ეს რიცხვი წელიწადში 150 ათასამდეა დასული.

მეორე ფაქტორია ის, რომ ევროკომისიას ახალი შეთანხმების მოსამზადებლად დიდი დრო ჰქონდა. მოლაპარაკებებში სრულად იყო ჩართული 27-ვე წევრი ქვეყანა და, კომისიის განცხადებით, „არავის მიაჩნია შეთანხმება სრულყოფილად, თუმცა წითელი ხაზებიც არ გადაკვეთილა“.

დიდი როლი ითამაშა საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა ბანაკში გაჩენილმა ხანძარმაც - ბლოკს მოქმედებისკენ უბიძგა და გაახსენა, რომ სტატუს-კვო მაინცდამიანც მომხიბლავი არაა.

მაშ, როგორია შეთავაზება? ის, ძირითადად, სამი ნაბიჯისაგან შედგება, რომელიც არარეგულარული მიგრაციის ასპექტების უმეტესობას შეეხება. პირველი მოიცავს მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რაც კარგად ჟღერს, თუმცა პრაქტიკაში ნიშნავს მილიარდობით ევროს გადახდას თურქეთის მსგავსი ქვეყნებისთვის, რათა მათ მიგრანტების შედინება არ დაუშვან ევროკავშირში. გაიხსენეთ 2016 წლის გაზაფხულის შეთანხმება, რომლის შედეგადაც ანკარამ, ფულის სანაცვლოდ, მეტ-ნაკლებად ჩაკეტა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთის გზა. ეს, ცხადია, არ ეპიტნავებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირს ადამიანის უფლებების შუქურად მიიჩნევენ და არც მათ, ვინც პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ მიდგომის გამკაცრებას ითხოვს. თურქეთს კვლავ მიბჯენილი ექნება იარაღი ევროკავშირის საფეთქელზე, თუ ბრიუსელის კრიტიკა ზედმეტად ხმაურიანი გახდა.

ამ მომავალი „წარღვნის“ საფრთხე აჩქარებს ევროკავშირის საგარეო საზღვრების მართვის პროცესს. იდეა ასეთია: ფულს გამოყოფენ ყველა საზღვარზე სავალდებულო სკრინინგის დასანერგად, რომელიც ყველა ჩასულის შემოწმებას უზრუნველყოფს. სიახლე აქ ისაა, რომ კომისია აუქმებს ამჟამინდელ „დუბლინის რეგულაციას“, რომლის მიხედვითაც, თავშესაფრის მსურველის განცხადება იმ ქვეყანამ უნდა დაამუშაოს, რომელიც მას მიიღებს, და არ დაუშვას ლტოლვილის გადაადგილება სხვა ქვეყანაში. ეს გაუხარდებათ იტალიასა და საბერძნეთს, რომლებიც ამჟამად მსგავსი მოთხოვნებით გადატვირთულნი არიან. ამის სანაცვლოდ, თავშესაფრის მომთხოვნის აპლიკაციას განიხილავს ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუ აპლიკანტმა დაასაბუთა, რომ მასთან რაიმე კავშირი აქვს - მაგალითად, იქ ან ოჯახის წევრი ჰყავს, ან ადრე თავად მუშაობდა. თეორიულად ეს საშუალებას მისცემს ჩრდილოეთის ქვეყნებს, მეტად აკონტროლონ თავშესაფრის გაცემის პროცესი.

მაგრამ, თუ ოჯახური ან სამსახურებრივი კავშირი არ არსებობს, რელოკაციის საკითხი კვლავაც პრობლემად რჩება. ამისთვის გათვალისწინებულია მესამე ნაბიჯი. როგორც ჩანს, კომისიამ გაითვალისწინა ვიშაგრადული ჯგუფის, პლუს ავსტრიისა და სლოვენიის პროტესტი და სავალდებულო კვოტებზე უარი თქვა. სანაცვლოდ, სოლიდარობის საჩვენებლად ორი გზა იქნება. პირველი რელოკაციის არჩევანი იქნება, მეორე კი, რომელზეც ვარშავა და ბუდაპეშტი, ალბათ, უარს იტყვიან, - „დაბრუნების სპონსორობა“. ასე წევრ სახელმწიფოს შეეძლება ფრონტის ხაზზე მყოფი ქვეყნების დახმარება და იმ თავშესაფრის მსურველების, რომლებსაც უარს განუცხადებენ, სამშობლოში რეინტეგრაციაში ხელშეწყობით. 2018 წელს, აპლიკაციაზე უარის მიღების შემდეგ, თავშესაფრის მსურველთა მხოლოდ 36-მა პროცენტმა დატოვა ევროკავშირი. ახალი შეთავაზების თანახმად, ვიშაგრადული ჯგუფის ქვეყნებს ბლოკის არაოფიციალური „მცველების“ სტატუსი ექნებათ.

შეთანხმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპის პარლამენტი განიხილავს იმ იმედით, რომ მას 2023 წლისათვის აამუშავებენ. ამ ხნის განმავლობაში შეთანხმების დეტალები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს ან სულაც ჩაიშალოს, თუ მიგრანტთა ახალი ნაკადი ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. თუმცა ერთი რამ ცხადია: ახალი შეთავაზება ცხადყოფს, რომ ევროკავშირს უფრო მკაცრი პოლიტიკა ექნება მიგრაციასთან დაკავშირებით, რათა არ დაუშვას 2015-16 წლების კრიზისის განმეორება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG