Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავეს


23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია დავით ფურცხვანიძე, რომელმაც დაზარალებულის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს whatsapp-ის საშუალებით მიაწოდა ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა, რომელიც არაავთენტური აღმოჩნდა. ფურცხვანიძე რამიშვილს არწმუნებდა, რომ ფოტოები იმ დღეს იყო გადაღებული როცა თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა და მისი სამძებრო ღონისძიებები ტარდებოდა და იმ ადგილას იყო გადაღებული, სადაც მისი მანქანა გარდაცვლილის გვამით იპოვეს რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ. 8 სექტემბერს ფორმულას ეთერში გასაჯაროებული ეს ფოტოები დაცვის მხარისთვის იყო მტკიცებულება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იმ ადგილას, სადაც იპოვეს, არ იმყოფებოდა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა მას ეძებდნენ.

23 სექტემბერს საქმის პროკურორმა თქვა ისიც, რომ დავით ფურცხვანიძისგან მოდიოდა ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ გაჟღერებული ვერსია იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემაში თამარ ბაჩალიაშვილის მონაწილეობის შესახებ.

დავით ფურცხვანიძის დაკავების ფაქტს მედიასაშუალებებთან ოჯახი ადასტურებს, პროკურატურა კი ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. მთავარ პროკურატურაში დღის 2 საათისთვის ჩანიშნულია ბრიფინგი და დამატებითი დეტალები ამ გამოძიების შესახებ სავარაუდოდ ამ დროს გახდება ცნობილი.

დავით ფურცხვანიძე დაკავშირებულია რამდენიმე ორგანიზაციასთან, არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის” დამფუძნებელი. მას ეკუთვნის ანალიტიკური სააგენტო „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი”, მის სახელზეა რეგისტრირებული „სპუტნიკ ტვ”, „გრუსს.ჯი“ და Europe Studies Labor (ESL) Georgia. ამ უკანასკნელმა 2020 წელს გამოსცა წარმოშობით ბანგლადეშელი ავტორის წიგნი „ვლადიმირ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი”.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

ასევე ნახეთ: “ტოტალურად გაყალბებული” სატელიტური ჩანაწერების შემდეგ ბაჩალიაშვილის საქმეში საეჭვო ვებგვერდები ჩნდება

გამოძიება მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე თუ ზეწოლა ადვოკატზე

XS
SM
MD
LG