Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ


ადვოკატი მიხეილ რამიშვილი
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილმა პროკურატურა დატოვა. ის ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებაში მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

„არ ვიცი მობილური ტელეფონი რატომ ჩამომართვეს, რაღაც უნდა გადაამოწმონ. მე ვამბობ, რომ დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ. იმიტომ, რომ ძალიან არ უნდათ, რომ მე ამ საქმეში ვიყო. ყოველდღიურად ვაწვდი იმ ინფორმაციას, რომ ამ საქმეში არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს. ეს გოგო არის მოკლული. მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. ესენი არიან მკვლელები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ არის ძალიან დიდი საშიშროება ყველა ჩვენგანის“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატმა დაამატა, რომ მის მობილურ ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან, არაოფიციალურად კი ყველაფერს შექმნიან და გააკეთებენ. „მე მაგის არ მეშინია. არაფრის არ მეშინია. მაგათ ეშინოდეთ საკუთარი მომავლის“, - აღნიშნავს ადვოკატი.

რამიშვილი აპირებს, რომ სატელიტით გადაღებულ ფოტოების თემაზე საგამოძიებო უწყებას ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს.

ადვოკატმა თბილისის პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმიც წარადგინა.

„ჩემ მიერ წარდგენილი იქნა გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს, რომ მას ჰქონდა შემხებლობა თამარ ბაჩალიაშვილთან გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდნენ. ვნახოთ, რა საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს პროკურატურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა, რადგან სუს-ი არაერთხელ გამოჩნდა და არაერთხელ გამოჩნდა ის, რომ ბავშვს საფრანგეთში წასასვლელად ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა მას უარი ათქმევინეს“, - განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

XS
SM
MD
LG