Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობას გამორიცხავს


საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი ჰაკერულ საქმიანობას არ ეწეოდა. ამის დასტურად საგამოძიებო უწყებამ გარდაცვლილის ტელეფონისა და კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა.

"ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება", - აღნიშნა პროკურორმა.

მანვე განმარტა, რომ კომპიუტერში აღმოაჩინეს პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები - პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე, მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება.

"განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება Technology/Internet, ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: Pornography", - განაცხადა პროკურორმა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის. მათი ერთ-ერთი ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს, რადგან ჰაკერული თავდასხმის დროს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა.

XS
SM
MD
LG