Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის თქმით, ტესტირების დაგვიანების ხარვეზი აღმოფხვრილია


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ხარვეზი ტესტირების პასუხების დაგვიანებასთან დაკავშირებით, მისი თქმით, ამის მიზეზი, განსაკუთრებით აჭარაში, სიმძლავრეების დეფიციტი იყო, რაც უკვე გამოსწორებულია.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად.

„როდესაც ჩვენ გავზარდეთ ტესტირების რაოდენობა, ერთ-ერთი ხარვეზი ბოლო დღეების იყო ის, რომ იგვიანებდა ტესტების პასუხი, იმიტომ რომ ძალიან დიდ რაოდენობა ტესტებზე ავედით, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც ჩვენ დღეს სიმძლავრე გვაქვს, რომ ჩავატაროთ დაახლოებით 1800 ტესტი ერთი დღის განმავლობაში და ვიღებდით 4 ათასამდე და ზოგჯერ მეტს. ახლა აეწყო ეს სისტემა და ე.წ. ნაშთი აღარ გვაქვს აჭარაში დარჩენილი. ანუ ეს ზედმეტი 2 ათასი, ზედმეტი რაც იღება, აეწყო ლოგისტიკა, მიდის, შესაბამისად, თბილისში და თბილისში ამის სიმძლავრეები არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, დღეს საქართველოში არსებული სიმძლავრით შესაძლებლია 16-18 ათასი ტესტის ჩატარება, მარაგშია დაახლოებით ნახევარი მილიონი ტესტი.

ამირან გამყრელიძის სიტყვებით, იანვრიდან მოყოლებული, 508 ათასი PCR-ტესტია ჩატარებული ქვეყნის მასშტაბით. მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით ჩატარებულია 136 818 ტესტი. ამ ოდენობის ტესტირების მიხედვით, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ევროკავშირის მაჩვენებლის „შუა ხაზზეა“. ამირან გამყრელიძის თქმით, 16 სექტემბრის დილის მონაცემებით, ჩატარებულია 11 ათასამდე ტესტი, რაც იმას ნიშნავს, რომ „ინფექცია არ გვეპარება საწყის ეტაპზე“.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ინციდენტობის მაჩვენებელი 100 ათასი მოსახლეზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში არის 2,3, ე.წ. ზღურბლი კი არის 5-მდე. ეს ნიშნავს, რომ "საქართველო ჯერ ისევ უსაფრთხო „მწვანე ზონაშია“.

„რეგიონალური მაჩვენებლები ცოტა სხვა გვაქვს, აჭარაში ეს გაცილებით მაღალია, 14-ის ფარგლებში გვაქვს 2 კვირის განმავლობაში საშუალო ინციდენტობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

16 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის დავალებით ბათუმში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისი განმარტებით, მათი მიზანი ადგილზე სიტუაციის მართვა და უკეთესი მენეჯმენტია.

„იყო გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ მოსახლეობისგან, ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რათა ის პრობლემები, თუკი არსებობს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და აღმოფხვრილი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

16 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენილი 196 შემთხვევიდან 144 ბათუმს უკავშირდება.

XS
SM
MD
LG