საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 27 პროცენტი ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც მხარს დაუჭერდა "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს". ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს, 14 სექტემბერს გასაჯაროვდა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73-მა პროცენტმა კონკრეტული პარტია არ დაასახელა.
"ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება... ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული", - ვკითხულობთ კვლევაში.
ამ მონაცემების მიხედვით, "ქართულ ოცნება" გამოკითხულთა მხოლოდ 17-მა პროცენტმა დაასახელა, "ნაციონალური მოძრაობა" კი - 5-მა.
არჩევნებსა და მოქალაქეთა პრიორიტეტებს შესახებ კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა. სატელეფონო კვლევა 6 - 11 აგვისტოს შუალედში ჩატარდა და 2 045 ადამიანი წარმომადგენლობითი, მარტივი შერჩევით შეირჩა, ცდომილება 1-3 პროცენტია.