გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დღეს დილით, თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამი თვის განმავლობაში თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო.
„უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, ერეკლე გარდაიცვალა. სამ თვეზე მეტი გავიდა მომხდარიდან, ჩაუტარდა რამდენიმე რთული ოპერაცია, შემდგომ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე მისი კლინიკაში დაბრუნება გახდა საჭირო. გუშინ საღამოს ისევ იჩინა თავი სხვა პრობლემამ, იგეგმებოდა მორიგი ოპერაცია, მაგრამ დღეს დილით გარდაიცვალა“, - განაცხადა ოჯახის ნათესავმა თამარ თედლიაშვილმა.
8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან „ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა, კრივში მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი 31 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა 15 სექტემბრისთვის გადაიდო. სასამართლო სხდომის გადადება პროკურატურამ მოითხოვა, იმ მოტივით, რომ დამატებითი კომისიური ექსპერტიზის პასუხები 31 ივლისისთვის ცნობილი ჯერ არ იყო.