სულ ცოტა დრო რჩება „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო სიის მოწინავე ოცეულის გამოცხადებამდე. წინასწარი ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი არა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, არამედ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება. 10 სექტემბერს გახდება ცნობილი, რამდენად განახლდება სია.
რას ნიშნავს, თუკი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში? რატომ გიორგი გახარია? რას ეფუძნება „ქართული ოცნების“ გამარჯვების იმედი? რა განსაზღვრავს არჩევნების საბოლოო შედეგებს?
საარჩევნო სიის პირველ ოცეულს „ქართული ოცნება“ 10 სექტემბერს გამოაცხადებს და წინასწარი ინფორმაციით, დიდი ალბათობით, სიის პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება. „ქართულ ოცნებაში“ მოთმინებას გვირჩევენ და ჯერჯერობით არაფერს აკონკრეტებენ.
მწირი ინფორმაციით, ვარაუდებით, დადასტურებული ფაქტებითა და ლოგიკით კი, ამ ეტაპზე შესაძლებელია ითქვას შემდეგი:
- თუკი „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია იქნება, საარჩევნო სიაში, დიდი ალბათობით, საერთოდ არ იქნება ბიძინა ივანიშვილი (ნაკლებად მოსალოდნელია მისი ხილვა მე-2 თუ მე-5 ნომრად);
- ოცეული ძირითადად დაკომპლექტებული იქნება ახალი სახეებით, რომლებსაც მანამდე შეხება არ ჰქონიათ პოლიტიკასთან;
- ოცეულში იქნება მინიმუმ 5 ქალი - ბოლო პერიოდში შეცვლილი საარჩევნო კოდექსი მოითხოვს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეოთხე იყოს ქალი;
- წინასწარი ინფორმაციით, ოცეულში მოხვდებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და უმრავლესობის დეპუტატები: სოფიო კილაძე და ნინო წილოსანი;
- სიაში, დიდი ალბათობით, ასევე იქნებიან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ყოფილი თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;
- სიაში ნამდვილად არ იქნება უმრავლესობის ამჟამინდელი უხუცესი დეპუტატი, რევაზ არველაძე. თავად ის პარტიის ამ გადაწყვეტილებას ასაკს უკავშირებს, თუმცა არველაძის კომენტარები ახლო წარსულში არცთუ იშვიათად განსხვავდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხედვისგან.
სია და ბიძინა ივანიშვილი
ვარაუდები იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სიაში იქნებოდა, ივლისში გაჩნდა. ამ საკითხზე მსჯელობა გიორგი გახარიას კომენტარის შემდეგ დაიწყო. მაშინ ისიც ითქვა, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილი თავისი ე.წ. არაფორმალური მმართველობის გაოფიციალურებას შეეცდებოდა. იგივენი ახლა ფიქრობენ, რომ თუკი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში პარტიის ლიდერს ვერ ვიხილავთ, ეს იქნება მისი განაცხადი ყველაფრის ისევ ძველებურად დატოვების შესახებ.
თუმცა ვინც არ უნდა იყოს, სიის პირველი ნომერი, ანალიტიკოსებისთვის ცხადია, ვინ არის სინამდვილეში პირველი და რომ გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მიიღება.
მაგალითად, ანალიტიკოს გიორგი რუხაძისთვის ის უფრო საინტერესოა, აქტიურად ჩაერთვება თუ არა ივანიშვილი უშუალოდ პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში ისევე, როგორც ეს, მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა - „თუ ის პირადად არ ჩაერთვება კამპანიაში, ეს ნიშნავს, რომ საკმარისად კომფორტულად გრძნობს თავს და ვერ ხედავს ძალაუფლების დაკარგვის პირდაპირ საფრთხეს“.
პანდემიის პირობებში ბიძინა ივანიშვილი პირველად 20 ივლისს გამოჩნდა, პარტიის მიერ მაჟორიტარი დეპუტატების დასახელების ღონისძიებაზე. მას შემდეგ საჯაროდ განცხადებებით ის ფიზიკურად აღარც გამოჩენილა.
"ქართული ოცნება" და უმრავლესობით გამარჯვების იმედი
მართალია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული არცერთი კვლევით არ დასტურდება, მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბოლო პერიოდში ხშირად აღნიშნავენ, რომ პარტიის რეიტინგი თითქმის 60%-ს უტოლდება. ამ არითმეტიკით, მარტო პროპორციული სიით, 120 შესაძლებლიდან, „ქართულმა ოცნებამ“ 70 მანდატზე მეტი უნდა მოაგროვოს.
ოპოზიციაში "ქართული ოცნების" ასეთ შედეგს გამორიცხავენ და თვლიან, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი იქნება არა ხელისუფლება, არამედ - ოპოზიცია.
პროგნოზებს ძირითადად უმადურ საქმედ მიიჩნევენ ექსპერტები. თუმცა მათთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად ორ ფაქტორს ეყრდნობა:
- კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ტალღის შედეგები;
- ე.წ. „სისხლიანი 9 წლის“ განმეორებით საზოგადოების შეშინება.
მეორე ფაქტორთან დაკავშირებული დისკუსია „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გააძლიერა მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს 27 აგვისტოსა და 7 სექტემბერს უკრაინიდან მიმართა და შეცდომებისთვის საჯარო ბოდიშიც მოუხადა. 7 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მოკავშირეებმა („ძალა ერთობაშია“) სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს.
„ქართული ოცნების“ რიგებში ამ თემაზე გაკეთდა ძალიან ბევრი განცხადება. 8 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობაზე“ მუდმივი ლაპარაკი ამასობაში წამოზრდილი მომავალი თაობების აუცილებელი ინფორმირების მიზნით ხდება.
„2012 წლის 1 ოქტომბერს ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნის სისხლი და ხორცი, ადამიანები იყვნენ არასრულწლოვნები და ახლა სრულწლოვნები არიან. ამიტომ ჩვენი ვალია, რომ დიახ, მუდმივად შევაფასოთ ეს ადამიანები... რომ არ დაგვავიწყდეს, ვინ არიან ესენი... ახლა უკვე თვითლუსტრაციით დაკავებული ეს ძალა ამაში გვეხმარება“.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს „ქართული ოცნება“ ორპოლუსიანი არჩევნის გასამყარებლად გამოიყენებდა - „აი, თუ არ გინდივართ ჩვენ, მაშინ დაბრუნდება ძველი ხელისუფლება“.
თუმცა ანალიტიკოსს იმედი აქვს, რომ 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, ამომრჩეველს მეტი არჩევანი ექნება და გონივრულად მოიქცევა - „ყველაზე ცუდი, რაც ამ არჩევნებმა შეიძლება მოიტანოს, ეს იქნება ერთპარტიული მმართველობა“.
მორჩილი უმრავლესობა
თავისთავად ერთპარტიულ მმართველობაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ამისათვის აშშ-ის მაგალითიც მოჰყავს, მაგრამ ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ქართულ რეალობაში ერთპარტიული მმართველობა - მორჩილ უმრავლესობას ნიშნავს.
მისი თქმით:
- „დეპუტატები მანდატებს თავიანთი შეხედულებებისა და მრწამსის მიხედვით რომ იყენებდნენ, მაშინ ერთპარტიულ მმართველობაში ცუდი არაფერია“;
- „90-ანი წლებიდან მოყოლებული, თუ რამე უბედურება მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვის იყო იმის ბრალი, რომ არსებობდა მორჩილი უმრავლესობა პარლამენტში - კომუნისტების შემდეგაც ეს ტრადიცია მშვენივრად გავაგრძელეთ“;
- „ჩვენთან, როცა პარტიის ლიდერი სიაში მე-7 ნომრად ჩასვამს და არა 77-ე ნომრად, დავალებულად თვლიან დეპუტატები თავს და დიდხანს ვერ ეწინააღმდეგებიან მას“.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, კოვიდინფექციასთან წარმატებულმა ბრძოლამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ქულები დაუწერა და გასაკვირი არ არის, თუკი პარტია სიის პირველ ნომრად პრემიერ გახარიას დაასახელებს - „კოვიდთან ბრძოლამ საგრძნობლად ასწია „ქართული ოცნების“ და მათ შორის,უშუალოდ - გახარიას რეიტინგი“.
- 2012 წელს "ქართული ოცნების" კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო იმხანად "პროგრეს ბანკის" თანამშრომელი, ამჟამად დედაქალაქის მერი - კახა კალაძე;
- 2016 წელს კი, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო - იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი; რომელმაც არასრულ 2 წელიწადში დატოვა პრემიერის პოსტი.
გიორგი რუხაძის აზრით, სიის პირველ ნომრად გიორგი გახარიას დასახელება მხოლოდ კოვიდთან წარმატებულ ბრძოლას არ უკავშირდება. ექსპერტის შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან "ეს ძალის დემონსტრირებასაც ჰგავს, რომ - "აი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეგვიძლია მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება".
2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების ფონზე ბევრი თვლიდა, რომ გახარია მომავალ არჩევნებში "ქართული ოცნების" ტვირთად იქცეოდა.
კორონავირუსი და „ქართული ოცნება“
როდესაც მომავალ არჩევნებში გარდაუვალ გამარჯვებაზე ლაპარაკობენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სწორედ კორონავირუსთან ბრძოლის შესაშურ შედეგებზე აკეთებენ აქცენტს.
ოპოზიციაში ძირითადად თვლიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ექიმების გუნდის წარმატებები სათავისოდ მიითვალა და ეკონომიკური სიდუხჭირისა და შიმშილის ფონზე, მაშველ რგოლად ისევ კორონავირუსს იყენებს. მაჟორიტარი დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ანა დოლიძე თვლის, რომ „კორონავირუსის გარეშე „ქართული ოცნება“ გარანტირებულად წასული იქნებოდა ხელისუფლებიდან“.
შარშანდელთან შედარებით, კორონავირუსის გამო, „ქართულ ოცნებას“ ამჟამად უკეთესი შანსები აქვს; ინფექციასთან წარმატებული ბრძოლა ჯერჯერობით ვერც ეკონომიკურმა პრობლემებმა გადაფარა - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე.
„ეკონომიკური პრობლემები ჯერჯერობით კვლავაც კოვიდს ბრალდება. ანუ იმ კომპონენტში, როცა მედიკოსებმა და ხელისუფლებამ კარგად იმუშავეს, ამაზე ხელისუფლება პლუსებს იწერს, ხოლო ის, რომ სამუშაო ადგილები დაიკარგა და კიდევ რაღაცეები მოხდა, ეს უფრო კოვიდს ბრალდება... ვითარების შეცვლას დრო დასჭირდება. ამის იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“ და ფიქრობს, რომ ამასობაში არჩევნებსაც გაივლის, მოიგებს და მერე, როგორც იქნება, ისე მიხედავს სიტუაციას“.
თუმცა რუხაძე სულაც არ ფიქრობს, რომ ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე, ჯამში, ოპოზიციურ სპექტრს:
- „ჯამურად, ოპოზიციას უკეთესი შანსი აქვს დაამარცხოს „ქართული ოცნება“. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე მოხდება“;
- „თუ ჯამურად ოპოზიცია მეტ მანდატს მიიღებს, ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ შედეგად მივიღებთ შეთანხმებულ კოალიციურ მთავრობას“;
- „ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული - ვინ საით გადაჯგუფდება არჩევნების შემდეგ“.
გიორგი რუხაძე თვლის, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 50 დღეში „ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ შეცდომების დაშვებაა შესაძლებელი“ და წაგებული დარჩება ის, ვინც ყველაზე მეტ შეცდომას დაუშვებს.
ასევე, ის ფიქრობს, რომ, თუკი „ქართულმა ოცნებამ“ მცირე ზომის პარტიებთან ერთად კოალიციური უმრავლესობის შექმნა შეძლო, „ეს ვეღარ იქნება მისთვის კომფორტული უმრავლესობა“.
ბოლო დღეებში კოვიდის დადასტურებული შემთხვევების საგრძნობი მატების ფონზე ჩნდება შეკითხვა - ხომ არ გადაიდება 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები?
ჯერჯერობით "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელმაც 9 სექტემბერს ახალი, გამკაცრებული რეგულაციები გამოაცხადა, არჩევნების საკითხს ხელშეუხებლად მიიჩნევს.