Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, თუ რატომ შეხვდა ზელენსკის აპარატის ყოფილ უფროსს, ანდრეი ბოჰდანს


უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „უახლოეს დროში“ არ აპირებს „ერთობლივი პროექტების“ შექმნას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, აპარატის ყოფილ უფროსთან, ანდრეი ბოჰდანთან.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა ეს განმარტება მას შემდეგ გაეკეთებინა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ანდრეი ბოჰდანთან და მმართველი პარტია, „ხალხის მსახურის“, დეპუტატ, ლიზა იასკოსთან ერთად გადაღებული ფოტო სააკაშვილ-ბოჰდანის კომენტარებით.

6 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა და ანდრეი ბოჰდანმა ერთდროულად გამოაქვეყნეს ამ შეხვედრის ფოტო. სააკაშვილმა ფოტოს ასეთ კომენტარი დაურთო: „ცენტრში ზის მეხუთე თაობის ნამდვილი კიეველი და ჩვენ ვსაუბრობთ კიევის არჩევნებზე“.

ბოჰდანი კი წერს: „არსებობს საინტერესო განლაგება კიევის არჩევნებში“.

უკრაინის პრეზიდენტმა ანდრეი ბოჰდანი თებერვლის დასაწყისში, მას შემდეგ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რაც გაირკვა, რომ ზელენსკისთან დაახლოებული ადვოკატი უკრაინიდან დევნილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს მთავრობის რწმუნებული იყო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკითხებში და მასზე, როგორც იანუკოვიჩის გარემოცვის მაღალი რანგის მოხელეზე, ვრცელდებოდა ლუსტრაციის შესახებ კანონი.

„ანდრეისთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა, ისევე როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ბექგრაუდნის მქონე სხვა მრავალთან. ჩემ სახლში, მეგობრულ წრეში, მე შემიძლია ნებისმიერი თემა განვიხილო, ვისთანაც მომინდება. უახლოეს დროში არ ვაპირებ რაიმე პოლიტიკური და პარტიული პროექტის შექმნას ანდრეისთან ერთად“, - წერს მიხეილ სააკაშილი და დასძენს, რომ სრულად უჭერს მხარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

„მხარს ვუჭერ ბევრ პერსპექტიულ, ახალგაზრდა პოლიტიკოსს განსაკუთრებით ზელენსკის გუნდში, და მთლიანად უკრაინაში. მსურს, რომ ეს ახალი თაობა უფრო წარმატებული იყოს, ვიდრე ყველა წინამორბედი“, - წერს სააკაშვილი თავის ფეისბუკის გვერდზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დანიშნა. მის დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებით უპასუხა.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

7 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს.

XS
SM
MD
LG