Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის ფაქტის გამო აჭარის ტელევიზიის მუშაობა შეჩერებულია


COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის გამო, უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა და მისი ეთერით საქართველოს პირველი არხის პროგრამა გადაიცემა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აჭარის ტელევიზია, სადაც შესაბამისი სანიტარიული ზომები გატარდა, ამ დროისთვის დაკეტილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც თავად აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის ინფიცირების წყაროს მოძიების, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენის პროცესი.

ხელმძღვანელი პირების განცხადებით, ტესტირებას გაივლის ტელევიზიის 300-ზე მეტი თანამშრომელი და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმატით შეძლებს აჭარის ტელევიზია მუშაობის განახლებას.

„ამ წუთისთვის მაუწყებელში შესვლა შეჩერებულია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ და დაიწყო თანამშრომლების ტესტირება.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი მაუწყებლობა და ჩვენს ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები არ იქნება.

ვერც საკუთარ თანამშრომლებს და ვერც საზოგადოებას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ იქნება შესაბამისი რეკომენდაციები, არ გავაგრძელებთ მუშაობას.

ჩვენი მაუწყებლის შენობა არ არის დიდი და თანამშრომლები მჭიდროდ არიან განთავსებული. შესაბამისად, უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელს კონტაქტი. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტელევიზიასა და რადიოში, ჯამში, 340 ადამიანი მუშაობს“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

აჭარის ტელევიზიაში გამოვლენილი შემთხვევა პირველია, როდესაც მედიასაშუალების თანამშრომელს COVID-19 დაუდგინდა. არხი არ ასახელებს, თუ რას საქმიანობს ტელევიზიაში ინფიცირებული პირი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის კადრების განყოფილების თანამშრომელია.

გავრცელებული ცნობით, ინფიცირებულმა ისარგებლა ბათუმში მასობრივად შეთავაზებული უფასო ტესტირების სერვისით და დაავადებაც სწორედ ამ გზით დაუდასტურდა.

XS
SM
MD
LG