საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაზე 1 სექტემბერს განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პანდემიის პირობებში ლუგარის ცენტრზე განხორციელებული შეტევა ანტიჰუმანურ აქტიად უნდა შეფასდეს.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კიბერთავდამსხმელების მიზანი ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა.
„ერთი მხრივ, ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
შსს-ს განცხადებით, კიბერშეტევა 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა, მოპოვებული ინფორმაცია კი ფალსიფიცირებული სახით გავრცელდა ინტერნეტში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უცხო ქვეყნიდან განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად თავდამსხმელებმა მოიპოვეს და გაავრცელეს ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ასევე ნახეთ: საქართველოში პასუხობენ რუსი დეპუტატის ბრალდებებს - საქმე „ნოვიჩოკის“ წარმოებას ეხება