Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი ნივთიერებები 100-ჯერ აღემატება ნორმას


საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მის სხეულში აღმოაჩინეს რამდენიმე სახეობის საძილე, წნევისა და ტკივილის გამაყუჩებელი წამალი. პროკურორის განმარტებით, მათი მოცულობა დაშვებულ ნორმას ასეულობით აღემატებოდა.

"გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი - აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები. ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე", - თქვა პროკურორმა.

მანვე აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.

უწყებაში თქვეს, რომ 17 ივლისს ბაჩალიაშვილმა "გუგლში" აბების შეძენაზე ინფორმაციის მოძიების შემდეგ რუსთავის გზატკეცილსა და გორგასლის ქუჩაზე მდებარე "ფარმადეპოს", "იმპექსის", "პსპ"-ს, "ჯიპისის", "ავერსის" აფთიაქებში 20 აბი საძილე საშუალება, 28 აბი ანტიდეპრესანტი, 60 აბი წნევისა და სხვა მედიკამენტები იყიდა.

პროკურორმა თქვა, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე - ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.

"თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, დანიშნულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა", - თქვა პროკურორმა.

მანვე აღნიშნა, რომ ჩატარდა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის შედეგმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილია.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნიდან 50 დღეზე მეტი გავიდა. ოჯახი საქართველოში ყველა საგამოძიებო ორგანოს უნდობლობას უცხადებს და მიაჩნია, რომ 23 წლის გოგოს თავი არ მოუკლავს.

XS
SM
MD
LG