Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური მედია: ბჟანიას თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მზადაა


სომხუმში დე ფაქტო პარლამენტის დახურულ სხდომაზე, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც ესწრებოდა, განიხილეს 18 აგვისტოს აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ სტუმრობა.

შეხვედრის შედეგების თაობაზე აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „აარუას“ წევრებს რამდენიმე „დეპუტატმა“ მოუყვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბჟანიამ განმარტა, რომ მანამდე მოსკოვში, რამდენიმე შეხვედრა გამართა, სადაც მოლაპარაკებიც დაიწყო. მოლაპარაკებებში უფლებამოსილ პირად „პრეზიდენტის“ მრჩეველი ლაშა საკანია შეირჩა. (პროტესტის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა)

აფსნი.პუბლიკის ცნობით, ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ თანამშრომლობისა და სამომავლოდ აფხაზეთის აღიარებისთვის მზადაა. ახლა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა დავალება, მოამზადოს სიტუაციის ხედვა და გამოხატოს „მეზობელ რესპუბლიკასთან“ ურთიერთქმედების საჭიროებები. ასევე ამ საკითხზე პოზიცია უნდა გამოხატონ აფხაზეთის საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში, ცალკე, ასევე განიხილეს ქართული მხრიდან ხატის გადაცემის ფაქტი.

„დეპუტატების“ სიტყვებით, ბჟანიამ ამას ჰუმანიტარული მისია უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მოქმედება არავისთან ყოფილა შეთანხმებული.

თავის მხრივ, „დეპუტატებმა“ აღნიშნეს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობის მიღმა არასოდეს უხსენებია, შესაბამისად, ისინი დაინტერესდნენ, რის საფუძველზე მიიღო დე ფაქტო პრეზიდენტმა ქართულ მხარესთან ურთიერთობის გადაწყვეტილება. „დეპუტატების“ თქმით, ბჟანიამ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა. „ჩვენ შეცდომა დავუშვით“, - გავრცელებული ინფორმაციით, თქვა მან.

აფხაზური მედიის თანახმად, შეხვედრას დაახლოებით 30 „დეპუტატი“ ესწრებოდა, შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი არ შედგენილა.

რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ ადგილობრივმა კორესპონდენტმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კომენტარის მიღება ვერ შეძლო. აფსნიპრესს დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურიდან კი აცნობეს მხოლოდ ის, რომ შეხვედრაზე „განიხილეს აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანი საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხები“.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე „ბოდვას უწოდებს“ ამ თემაზე საუბარს, მით უფრო, რომ, მისი თქმით, არავინ იცის, იყო თუ არა ბჟანიას მხრიდან მსგავსი განცხადება.

„უბრალოდ, ორივე მხარეს არიან პოლიტიკური პარტიები თუ ადამიანები, ვინც თავიდანვე წინააღმდეგი იყო, ის დადებითი ნაპერწკალი, რაც გაჩნდა ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას ვიზიტით, ეს ნაპერწკალი რომ როგორმე ჩააქრონ და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი“, - მისივე განმარტებით, სიცრუეა, თითქოს ილორის ტაძრიდან დააბრუნეს „პატრიოტთა ალიანსის" მიერ ჩატანილი ხატი - „არც არავის დაუბრუნებია, ის ხატი დარჩება აფხაზეთში და თემა, რაზეც ახლა ვსუბრობთ, სრული ბოდვააა, თავისთავად ცხადია. რისთვის გვინდა ამ ურთიერთობების აღდგენა, ეს დიდი შერიგება, რომ ასეთი დასკვნა გააკეთოს ვინმემ? თავისთავად ცხადია, არა“, - ეუბნება გოჩა თევდორაძე რადიო თავისუფლებას.

ირმა ინაშვილის მიერ ილორის ტაძრისთვის ხატის გადაცემას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში წინააღმდეგობა და ვნებათაღელვა მოჰყვა.

სტუმრობამ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში შეიწირა მათი მასპინძლის, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, ლაშა საკანიას, თანამდებობა.

26 აგვისტოს, თანამდებობის დატოვებამდე, დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მრჩეველმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა იყო ჰუმანიტარული აქცია ილორის ეკლესიისათვის ხატის გადაცემით, რომელსაც საფუძვლად დაედო თხოვნა მოსკოვიდან.

ამგვარი განმარტების მიუხედავად, ლაშა საკანია ლამის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრებმა.

გალის რაიონის სეპარატისტული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ნადარიამ, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა 2016 წელს მიღებული სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

21 აგვისტოს, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს „პრეზიდენტის“ თანაშემწე ლაშა საკანიასთან. „არუაამ“ საკანიასა და შესაბამისი სტრუქტურებისგან მოითხოვა ახნა-განმარტება და დე ფაქტო პარლამენტს საკომიტეტო მოსმენისკენაც მოუწოდა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი, პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საკანია აცხადებდა, რომ არანაირი საიდუმლო მოლაპარაკება არ ჰქონია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან და აფხაზეთში მათი ჩასვლა იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია.

24 აგვისტოს, პრესკონფერენციაზე, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან გიორგი ლომიასთან ერთად. დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში, - განაცხადა ინაშვილმა.

მოგვიანებით მან თავის ფეიბუკის გვერდზე ილორის ტაძარში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ვიზიტზე აფხაზეთში ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა 20 აგვისტოს.

XS
SM
MD
LG