სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ტყუილია, თითქოს, უწყების კუთვნილი ავტომობილები გარდაცვლილს უთვალთვალებდნენ.
"აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია", - აცხადებს საგამოძიებო უწყება და განაგრძობს, რომ ყველა არასწორი ვერსია მიზანმიმართულად ვრცელდება და სუს-ისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას ემსახურება.
გარდაცვალების დღეს, თამარ ბაჩალიაშვილს გზის გარკვეულ მონაკვეთზე მიჰყვებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი სამი მანქანა, რომელთაც, საბოლოოდ, შავნაბადის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაუხვიეს.
სუს-ის მტკიცებით, ავტომობილები აღნიშნულ მარშრუტზე ყოველდღიურად გადაადგილდებიან, "ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომელიც "აუცილებლად მოჰფენს ნათელს საზოგადოებისთვის ყველა დღემდე უცნობ დეტალს".
23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ მის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.