Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებულ მამას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და მასზე ძალადობაში ბრალდებულ მამას, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ გაიზიარა.

ბრალდებული ფრიდონ აბჟანდაძე თავს უდანაშაულოდ თვლის. როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, „ცამდე მართალია“, „მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად“, - თქვა მან სასამართლო პროცესზე.

„მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი? - თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი თქვა პროკურორმა“, - თქვა ფრიდონ აბჟანდაძემ პროცესზე, პროკურატურის შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ.

პროკურორმა დავით შვანგირაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციის შესაძლო შეცვლას, მან უპასუხა, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

გარდაცვლილი ბავშვის ახლო ნათესავები გამოძიების ვერსიას თვითმკლელობამდე მიყვანასთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის საქმეზე ბავშვის მამას 25 აგვისტოს ბრალი ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით წარუდგინა.

გამოძიების მტკიცებით, დადგენილია, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი კაცი სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის 11 წლის შვილს. პროკურატურის თანახმად, მამის ქმედებების შედეგად, ბავშვი იმყოფებოდა მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ.

2020 წლის 23 აგვისტოს, სახლის ეზოში, 11 წლის ბიჭი თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. სამართალდამცველებმა მამა იმავე დღეს დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.

მომდევნო სასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე ნახეთ: თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - ვინ რა იცოდა 11 წლის ბავშვის შესახებ?

XS
SM
MD
LG