Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძემ არჩევნებამდე 2 თვით ადრე კანონში ცვლილებების შეტანა 2 მიზანს დაუკავშირა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს უწოდებს „ქართული ოცნების“ ინიციატივით საარჩევნო კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნებამდე უნდა მიიღოს.

ამ ცვლილებებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება, ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.

დღევანდელ ბრიფინგზე ცვლილებების შინაარსის განმარტების შემდეგ, არჩილ თალაკვაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ აისახა კანონმდებლობაში ეს ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე, როცა პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ახალი ვარიანტი დაამტკიცა.

თალაკვაძის პასუხი იყო, რომ საგაზაფხულო რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კანონმდებლობაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და აისახა, პრაქტიკულად, ყველა რეკომენდაცია, რომელზეც კონსენსუსი იყო პოლიტიკურ სამუშაო ჯგუფში, მაგრამ, ვინაიდან ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ და ამ მიმართულებითაც საარჩევნო კანონმდებლობა იქნება უფრო მკაფიო და უფრო მკაცრი სანქციები განისაზღვრება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს მოქალაქეებს მისცემს მეტ ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ და, ამასთან, დაასრულებს სპეკულაციებს ოპოზიციის იმ ნაწილისა, რომელმაც, ერთი მხრივ, პარლამენტში მხარი არ დაუჭირა დემოკრატიულ საარჩევნო ცვლილებებს და, მეორე მხრივ, აგრძელებდნენ ხელისუფლების და საარჩევნო პროცესის კრიტიკასა და დისკრედიტაციას.

„ასე რომ, რა თქმა უნდა, უპირველესი აქ არის, რომ ჩვენ შევქმნათ უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტი და მაქსიმალური ნდობა ჩვენს მოქალაქეებსა და საარჩევნო პროცესს შორის და, მეორეს მხრივ, ოპოზიციის ამ დესტრუქციულ ნაწილს სათანადო პასუხი გაეცემა ამ ცვლილებებითაც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 2 ივლისს მიიღო. დღეს ინიცირებული ცვლილებების განხილვა სექტემბერში დაიწყება.

XS
SM
MD
LG