„ქართული ოცნების“ ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილებები და მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. ამის შესახებ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
მისი განმარტებით, საარჩევნო კოდექსში მითითებული იქნება, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და შესაბამისი ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც.
კერძოდ, თალაკვაძის ინფორმაციით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება, ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.
არჩილ თალაკვაძის თქმით, შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია, საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება და განხილვა სექტემბერში დაიწყება.
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 2 ივლისს მიიღო.