Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ამომრჩეველთა ხმების დასაცავად შტაბს შექმნის და ცხელს ხაზს აამუშავებს


ოპოზიცია ინტერპარტიულ სამუშაო ჯგუფს შექმნის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დასაცავად, ამოქმედდება ასევე სატელეფონო ცხელი ხაზი, სადაც საარჩევნო დღეს მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მოიყრის თავს, ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა მედიასთან საუბარში, ოპოზიციური ერთობის შეკრების დაწყებამდე. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს, ოპოზიცია დეკლარაციას მოაწერს ხელს. დეკლარაციით პარტიები იღებენ პასუხისმგებლობას, საკუთარი პარტიული მხარდამჭერების ხმების გარდა, დაიცვან სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა ხმებიც.

„ეს არის სიგნალი ხელისუფლებისადმი, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ოპოზიციური პარტია დაირაზმება არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, დეკლარაციაზე ხელმოწერა იქნება არჩევნების გაყალბების შესაძლებლობის ერთგვარი პრევენცია. არჩევნების დღეს საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრები და დამკვირვებლები ერთმანეთთან კოორდინირებულად იმუშავებენ.

„ჩვენ დავიცავთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ხმებს, არამედ თითოეული ამომრჩევლის ხმას, იმისთვის, რომ ივანიშვილმა არც ერთი ხმა არ მოიპაროს“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით: „30-მდე ოპოზიციური პარტია, ფაქტობრივად სრული სპექტრი, თანხმდება ერთმანეთის ხმების დაცვაზე, ეს არის ძალიან მძლავრი პოლიტიკური სიგნალი ოპოზიციის ერთიანობის შესახებ“. დავით ბაქრაძის თქმით, „დოკუმენტს აქვს პრატიკული ღირებულებაც, ამ მექანიზმით ოპოზიცია დაიცავს ერთმანეთის ხმებს“.

დეკლარაციაზე ხელმოწერით, ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში აწარმოებდა მოლაპარაკებას საერთო საარჩევნო სტრატეგიაზე, ვალდებულებას იღებს, დაიცვას სხვა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველთა ხმებიც. წინასწარი ინფორმაციით, დეკლარაციას ის ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეკრებებში არ მონაწილეობდნენ.

დეკლარაცია ოპოზიციამ 18 აგვისტოს შეიმუშავა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG