Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლიდარობის აქცია თბილისში - თავისუფლების გზა ბელარუსისკენ


თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, ლიეტუვის საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე, ცოცხალი ჯაჭვი გაება. სოლიდარობის ჯაჭვში ბელარუსის მოქალაქეები და ქართველი აქტივისტები ჩაებნენ.

თბილისში გამართული აქცია არის შემადგენელი ნაწილი სოლიდარობის ჯაჭვისა, რომელიც 23 აგვისტოს, ლიეტუვის დედაქალაქიდან, ვილნიუსიდან, ბელარუსის საზღვრამდე გაიჭიმება და რომლის სახელწოდებაცაა - თავისუფლების გზა ბელარუსისკენ.


ამ ჟესტით, ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეები სოლიდარობას გამოხატავენ ბელარუსში განვითარებული მოვლენების მიმართ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბელარუსი ხალხი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მშვიდობიანი გზით დათმოს ძალაუფლება.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 4 ადამიანი.

XS
SM
MD
LG