საქართველოში აპრილიდან მუშაობს ცხელი ხაზი, რომელიც ეხმარება მათ, ვისაც პანდემიის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. 5 თვის განმავლობაში „ნდობის“ ტელეფონზე ათასამდე ადამიანმა დარეკა.
მათგან, ვინც ფსიქოლოგს დასახმარებლად მიმართა, ყველაზე უმცროსი 17 წლის, უფროსი კი 94 წლის იყო. რეკავდნენ მთელი საქართველოდან, უმეტესად ქალები, თუმცა მამაკაცებიც - არანაკლებ. „შფოთავდნენ განსაკუთრებით ასაკოვანები, ვისაც ისედაც აწუხებს გული და წნევა. ეშინოდათ ამ შფოთვის გამო უარესად არ გამხდარიყვნენ. რეკავდნენ ისინიც, ვინც კარანტინში იყო და ტესტის პასუხს ელოდებოდა. ბავშვების მშობლები გვიკავშირდებოდნენ, ზოგ ბავშვს ენის ბორძიკი დაეწყო შიშისგან“, - ჰყვება ნანა აღაპიშვილი, ცხელი ხაზის გახსნის იდეის ერთ-ერთი ავტორი და ფსიქოლოგი.
დარეკა ქალმა, რომელსაც ნერვიულობისგან ღამე მეორე ოთახში გასვლის ეშინოდა, იხსენებს ნანა აღაპიშვილი. ამგვარ შიშთან გამკვლავების ერთ-ერთი ხერხია, ფსიქოლოგი თავად გაჰყვეს კლიენტს მეორე ოთახში და გზადაგზა მის ემოციებზე ესაუბროს. კოვიდ -19 ის გამო კონსულტანტს ერთი ოთახიდან მეორეში „სიარული“ დისტანციურად, ტელეფონის მეშვეობით მოუხდა.
„ხშირად რეკავდნენ ისინი, ვინც პანდემიის გამო საზღვარგარეთ სამსახური დაკარგა და საქართველოში ჩამოვიდა. ბევრს საცხოვრებელიც არ ჰქონდა და არ იცოდნენ რა ეღონათ“, - ამბობს ნანა აღაპიშვილი.
იმ პერიოდში, როდესაც რეგულაციების გამო მოსახლეობა სახლიდან იშვიათად გამოდიოდა, ოჯახური ძალადობის შემთხვევებიც გახშირდა.
თითქმის ყოველი მეოთხე მაგის გამო რეკავდა. უმეტესობას გაღიზიანებული, ნამტირალევი ხმა ჰქონდა, აფექტის მდგომარეობაში იყვნენ
ადამიანის უფლებათა ცენტრში, რომელიც მოსახლეობას უფასო იურიდიული კონსულტაციებით ეხმარება, ამბობენ, რომ ორთვიანი იზოლაციის დროს განქორწინების თემა აქტუალური გახდა.
„თითქმის ყოველი მეოთხე მაგის გამო რეკავდა. უმეტესობას გაღიზიანებული, ნამტირალევი ხმა ჰქონდა, აფექტის მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ რეკავდნენ ისეთებიც, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ მყარად გადაწყვიტეს განქორწინება“, - ამბობს ცენტრის იურისტი, დიმიტრი ნოზაძე.
ორგანიზაცია „ნდობა“ წლების განმავლობაში მუშაობდა სატელეფონო კონსულტაციების მიმართულებით, თუმცა ადრე ფსიქოლოგები არა კოვიდ-19-ზე, არამედ მოსახლეობის ზოგად ფსიქოლოგიურ პრობლემებზე იყვნენ ორიენტირებული. ნანა აღაპიშვილი ამბობს, რომ ამ ორი პერიოდის შედარებამ რამდენიმე ახალი დეტალი გამოკვეთა: პირველი - ადრე უფრო მეტად ქალები რეკავდნენ, ამჯერად კი მამაკაცების რიცხვმაც იმატა და, მეორე:
„ადრე რეკავდნენ სასიყვარულო ურთიერთობებში გასარკვევად, სუიციდთან, შვილის აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ახლა კი წამყვანი თემა იყო შფოთვა და მომავლის გაურკვევლობა“.
ცხელი ხაზი, რომელიც ორგანიზაცია „ნდობამ“ სოროსის ფონდის დაფინანსებით გახსნა, ზარებს წლის ბოლომდე დილის ათიდან საღამოს 6 საათამდე მიიღებს. თუკი ფსიქოლოგებთან დაკავშირება დაგჭირდათ, დარეკეთ ნომერზე (032) 2 911 000.