საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას, ეს ყველაფერი, მისი სიტყვებით, შეთქმულების თეორიებია. მაღლაფერიძის თქმით, იანვრამდე მაუწყებელში ორ საგანმანათლებლო პროექტში იქნება ჩართული.
„პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდათ ბელარუსიც მიაყოლეთ, გამორიცხეთ. ერთადერთი, რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა, ჩემი პროფესიის ძალიან დიდი ნაწილი იყო მასწავლებლობა და „ტელესკოლაში“, რომელიც შევქმენით, მაქვს ორი პროექტი, ერთი სხვასთან ერთად, მეორე მარტოს, ეს არის საგანმანათლებლო პროექტები და ამასაც გავაკეთებ იანვრამდე, იანვრის მერე შევხედოთ“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დღეს, 18 აგვისტოს დატოვა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ეწერა, რომ ის თანამდებობას ტოვებდა, რათა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არ გაჩენილიყო კითხვები. მაღლაფერიძე ამ თანამდებობაზე 2017 წლის 6 იანვრიდან მუშაობდა.
საზოგადობრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას თიკო ბერძენიშვილი შეასრულებს. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ მიიღო, გენერალური დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვების გამო.
თიკო ბერძენიშვილი ვასილ მაღლაფერიძის არჩევამდე, ერთხელ უკვე ასრულებდა დირექტორის მოვალეობას. ის თავადაც მონაწილეობდა დირექტორის შესარჩევ კონკურსში, თუმცა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.