Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილს საზოგადოების იმედი აქვს


პარტიის „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დიდ გამოწვევას და პატივს უწოდებს იმას, რომ ოპოზიციის შეთანხმებით, იქნება თბილისის საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ოქრუაშვილმა მედიას უთხრა, რომ ბოლო ორ თვეში სხვადასხვა შემოთავაზება იყო, მაგრამ საბოლოოდ მან მიიღო გადაწყვეტილება, წასულიყო ყველაზე რთულ ადგილას: „ჩემთვის ასეა ცხოვრება, რომ სირთულეები რაც მეტია, მით უფრო საინტერესოა ამ სირთულეების გადალახვა“.

ოქრუაშვილის განცხადებით, არა მხოლოდ მისი, არამედ ოპოზიციის ყველა კანდიდატის მთავარი კონკურენტია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასოცირდება გაზრდილ კრიმინალსა და კორუფციასთან, ქვეყნის დაცლასა და ინფლაციასთან და თუ მას დაამარცხებენ, ქვეყანას ჭაობიდან და ჩიხიდან გამოიყვანენ.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებენ: „ეს არის დამოკიდებული საზოგადოებაზე და მე საზოგადოების იმედი მაქვს“.

საბურთალოს ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ოპოზიციიდან ამავე ოლქში კენჭს იყრიან „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი. საარჩევნო საკითხებზე ლეიბორისტთა ოფისში ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციებში ეს პარტიებიც მონაწილეობდნენ, თუმცა, მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატები დაასახელეს.

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ საქმიანობას მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც ის 15 მაისს, „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივანთან, გიგი უგულავასთან ერთად შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

2019 წლის ივლისში დაკავებული ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის აპრილში ცნო დამნაშავედ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შეხვედრებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მართავენ, დღეს შეთანხმდნენ თბილისის 8-დან 2 დარჩენილ ოლქში საერთო კანდიდატებზე. საბურთალოს გარდა, დასახელდა ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში - პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

თბილისის 6 ოლქის კანდიდატებზე ოპოზიცია ივნისში შეთანხმდა.

XS
SM
MD
LG