Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანქვაბს საპროტესტო აქციებით დაემუქრნენ გალელ ქართველებზე განცხადების გამო


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას საპროტესტო აქციებით დაემუქრა ადგილობრივ ვეტერანთა გაერთიანება „არუაა“.

მისი უკმაყოფილება მოჰყვა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბის განცხადებას, რომ აფხაზეთში, მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც აფხაზების წინააღმდეგ არ იბრძოდნენ, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევენ.

„არუაა“ ცინიზმად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ანქვაბის განცხადება წინ უძღოდა „აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის დაწყებიდან 28-ე წლისთავს“. ვეტერანთა გაერთიანების განცხადებით, ანქვაბს შესანიშნავად ესმის, რომ საქმეა არა ეროვნებაში, არამედ იმაში, რომ გალის რაიონში მცხოვრებთა 97%-ს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს, მაშინ როცა „აფხაზეთის კონსტიტუციური კანონით“ ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია მხოლოდ რუსეთთან.

„სწორედ აფხაზეთის მოქალაქის პასპორტების უკანონოდ გაცემის ისეთმა პოლიტიკამ, რომელსაც ალექსანდრ ანქვაბი ატარებდა პრეზიდენტობის დროს, გამოიწვია მისი გადადგომა 2014 წლის მაისში“, - ნათქვამია „არუაას“ განცხადებაში, რომელსაც „ნუჟნაია გაზეტა“ აქვეყნებს. ეს გაერთიანება დე ფაქტო მთავრობას აფრთხილებს, რომ თუ კანონის დარღვევით საქართველოს მოქალაქეებს აფხაზეთის მოქალაქეობას მისცემს, „არუაა" ამას განიხილავს „გამარჯვების რევიზიისკენ მიმართულ ანტიხალხურ ქმედებად“ და ომის ყველა ვეტერანს საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდებს.

13 აგვისტოს, სააგენტო „აფსნიპრესმა“ გამოაქვეყნა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბის კომენტარი „ამერიკის ხმის“ სტატიაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის შეწყვეტის პირობას დებს და ეს ხელისუფლება ცნობილია თბილისის მიმართ კონსტრუქციული დამოკიდებულებით.

„არც ვიცოდი, რომ საბჭოთა ეპოქის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი - „ამერიკის ხმა“ ისევ ცოცხალია“, - უთხრა ანქვაბმა „აფსნიპრესს“.

დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის დამთავრების შემდეგ, საქართველოს დაჟინებით მოუწოდებენ სამხედრო მოქმედებების არგანახლებაზე შეთანხმების და მშვიდობიანი მეზობლობისკენ. ანქვაბის განცხადებით, აფხაზეთი არავისთან განიხილავს საკუთარი დამოუკიდებლობის საკითხს, მაგრამ რეგიონში საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გარანტირებული მშვიდობა.

რაც შეეხება გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, აფხაზეთში, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრებ ყველა ქართველს, რომლებიც აფხაზების წინააღმდეგ არ იბრძოდნენ, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევენ და მათთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევა უსამართლობა იქნება. „ეს ჩვენი საშინაო საქმეა და თუ ვინმე ამ ორ მტკიცე პოზიციას განიხილავს კონსტრუქციულ დამოკიდებულებად, ისინი მართლები არიან“, - განაცხადა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრ ანქვაბმა სასაცილო უწოდა „ამერიკის ხმის“ სტატიაში პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების განწყობა ნაკლებად პრორუსულია.

XS
SM
MD
LG