Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა მიულოცა არჩევნებში გამარჯვება ალექსანდრ ლუკაშენკას


პუტინი და ლუკაშენკა მოსკოვში
პუტინი და ლუკაშენკა მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ალექსანდრ ლუკაშენკას, რომელმაც, ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დამაჯერებლად გაიმარჯვა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ვლადიმირ პუტინის მისალოც ტელეგრამაში ნათქვამია, რომ მას იმედი აქვს, ლუკაშენკას მოღვაწეობა ხელს შეუწყობს „ურთიერთობების გაღრმავებას სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში, დააჩქარებს ინტეგრაციულ პროცესებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ხაზით“.

პუტინის მისალოცში არაფერია ნათქვამი იმ რუს დაქირავებულ სამხედროებზე, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 წევრზე, რომლებიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა მინსკში და არჩევნების პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

პუტინამდე ლუკაშენკას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.

ევროკავშირის რიგი ქვეყნები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა გმობს არჩევნების ღამეს მომხდარ ძალადობას ბელარუსში და მოითხოვს დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„არჩევნების ღამეს თან ახლდა ხელისუფლების მხრიდან ძალის არაპროპორციული და დაუშვებელი გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც, როგორც იუწყებიან, ერთი დემონსტრანტის დაღუპვა და რამდენიმეს დაშავება მოჰყვა. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლად გათავისუფლდეს ყველა დაკავებული. ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების ფუძემდებლური უფლებების განუხრელი დაცვა“, - ნათქვამია ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების კომისრის, ოლივერ ვარჰელისა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის, ერთობლივ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG