რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისევ ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერაც ერთადერთი იმედია საქართველოსთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა - გადაიხადა თუ არა ადეკვატური საფასური რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის, ისტორიის გადაწერისა და მზარდი აგრესიისთვის? რაზეა დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების მეტი მხარდაჭერა და რეაგირება?
სოხუმში ევროკავშირზე გაბრაზდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში თვალი მოსჭრა ფრაზებმა, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას შეეხება.
„აშკარად იგრძნობა ტენდენციური ფორმულირება, რომელშიც კონცენტრირებული სახით არის ასახული თბილისისა და მისი დასავლელი პარტნიორების უკიდურესად ცალმხრივი პოზიცია. საქართველო და წამყვანი დასავლური ქვეყნები ჯიუტად არ ამჩნევენ არც აფხაზეთის რესპუბლიკასა და არც სამხრეთ ოსეთს. დამახასიათებელია, რომ განცხადებაში საერთოდ არაფერია ნათქვამი - ვინ დაგეგმა და განახორციელა აგრესია 2008 წლის აგვისტოში“, - აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ტექსტში არაფერია ნათქვამი ამერიკის საელჩოს იმავე სულისკვეთების განცხადებაზე, მაგრამ სოხუმიდან ევროპელებისთვის დასმული შეკითხვა ამერიკელებსაც შეეხებათ. შეკითხვის კონკრეტული ადრესატია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია - აკვირდებიან თუ არა ისინი საქართველოში ამერიკისა და ნატოს მონაწილეობით მიმდინარე წვრთნებს და რას ფიქრობენ ამ უკიდურესად არასამშვიდობო ქმედებებზე?
საქართველოს მხარდამჭერი დასავლელი პარტნიორების დადანაშაულება ხშირია როგორც სოხუმიდან, ასევე ცხინვალიდან. დე ფაქტო ხელისუფლებები მხოლოდ იმ „შეუქცევად ახალი რეალობას“ აღიარებენ, რომელზეც ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლაპარაკობს.
ამ ახალი რეალობის ფარგლებში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა (2008 წლის 26 აგვისტოს);
- გააგრძელა მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს დამატებითი ტერიტორიების მიტაცება და ხალხის გატაცება-დაპატიმრება-მკვლელობა;
- სამხედრო ბაზები განათავსა როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში (სხვადასხვა წყაროს ცნობით, 5000-დან 7000-მდე რუსი სამხედროს ტევადობით);
- დღემდე არ დაუშვა საერთაშორისო პარტნიორების წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
- დღემდე არ შეასრულა 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება, საერთაშორისო საზოგადოების უამრავი მოწოდების მიუხედავად.
საქართველოს ისტორია გადაიწერა და გადაწერილი ისტორიის დამკვიდრების პროცესში 2019 წელს თავად რუსეთის პრეზიდენტიც ჩაერთო. პუტინის მიერ გახმოვანებული ფაქტებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნაწილი არც არასდროს ყოფილა. პუტინისეული ფაქტები სრულად გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივას. „კარგი იქნება ამ ყველაფრის ცოდნა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ამის დავიწყება არასოდეს არ შეიძლება“, - ურჩია ერთი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას.
გადაიხადა თუ არა საფასური რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის?
EURACTIV-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამოხატავს გარკვეულ უკმაყოფილებას საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი რეაგირების გამო. ის პარტნიორების მეტი ძალისხმევის აუცილებლობას ხედავს და თვლის, რომ საქართველოსა და უკრაინის კრიზისები ერთად უნდა განიხილებოდეს.
- ევროპის სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი რეაგირება საშიშ პრეცედენტებს ქმნის და მთავარი დარტყმის ქვეშ სწორედ ევროპულ უსაფრთხოებას აყენებს;
- უმოქმედობას მოსკოვი ნების დართვად აღიქვამს, მტკიცე და მკაფიო უნდა იყოს ევროპის პოზიცია და გზავნილი - ევროპულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება;
- საქართველოს ინტენსიური სამშვიდობო პოლიტიკის მიუხედავად, სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული და ეს მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების დინამიკით ვერ აიხსნება.
- რუსულ-ქართული კონფლიქტი, უკრაინის კრიზისთან ერთად, მთელი სიმწვავით უნდა განიხილებოდეს, რადგან ორივე კონფლიქტი ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციის კერების შექმნის გზით ევროპული უსაფრთხოების აღმოფხვრაა.
მთელ რიგ საერთაშორისო დოკუმენტებსა თუ განცხადებებში, სადაც რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მისი შეკავების ზომებზეა ლაპარაკი, უკრაინასთან ერთად საქართველოს ოკუპაციაც არის მოხსენიებული. თუმცა ასევე, არსებობს არაერთი ფაქტი, როცა საერთაშორისო პარტნიორები უკრაინასთან ერთად არ ახსენებენ საქართველოს.
ანალიტიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ უკრაინის საკითხი მისი სიმწვავისა და ცხელ ფაზაში არსებობის გამო დომინირებს. თუმცა როგორც „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი გვეუბნება, ასეთი შედეგის თავიდან აშორება პროაქტიური პოლიტიკით იყო შესაძლებელი.
„მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისეთი უმთავრესი საერთაშორისო პლატფორმა, როგორიც არის „დიდი შვიდიანი“. მასში შემავალი ქვეყნების შეხვედრებზე ძალიან მკაფიო განცხადებები იყო რუსეთის საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდასაჭერი, ხოლო საქართველოზე საერთოდ სიტყვა არ იყო ნათქვამი.
საფრანგეთში შემდგარ ბოლო დოკუმენტში, როდესაც რუსეთისთვის, როგორც რეგიონული საფრთხისთვის, დაწესებულ სანქციებზეა ლაპარაკი, მხოლოდ უკრაინის კონტექსტი გვხვდება. რას ნიშნავს ეს?
ჩვენ უნდა შევიმუშაოთ კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია რუსეთთან მიმართებით და აქტიური პოზიცია დავიკავოთ საერთაშორისო თანამეგობრობის რიგებში რუსეთის საწინააღმდეგოდ... მარტო ჩვენ რუსეთთან ვერაფერს გავხდებით“.
რუსეთმა უკრაინაში საქართველოს შემდეგ გადაინაცვლა.
- ბოლო წლებში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არასათანადო რეაგირებას მოჰყვა სწორედ რუსეთის გათამამება და უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს.
- ხოლო აგვისტოს ომის წინ ერთგვარი მუხტისა და „მწვანე შუქის“ ფუნქცია შეასრულა საქართველოსთვის ნათქვამმა უარმა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე (MAP), 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტის ფარგლებში.
ოპოზიცია ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებს რუსეთთან დამთმობი ქმედებებისა და არგაღიზიანების წამგებიანი პოლიტიკის გამო. ოპონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მეტი აქტიურობისთვის საჭიროა, რომ მათ პირველ რიგში საქართველომ აჩვენოს აქტიურობის მაგალითი.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას, ხელისუფლება ირჩევს მშვიდობიან გზას და საერთაშორისო პარტნიორების იმედად რჩება.
„ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე - სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე“.
მინისტრი ზალკალიანი კი თავის სტატიაში ასევე წერს, რომ საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას, ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები) ეფექტიანად გამოყენებისათვის; საქართველო არასოდეს იტყვის უარს დემოკრატიის განვითარებაზე და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.