აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად მას 6-თვიანი ვადა დააწესა და ეს 5 აგვისტოს დამტკიცებულ დოკუმენტში - ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კონგრესმენებისეულ ვერსიაში აისახა. ამერიკელი კონგრესმენები დემოკრატიული პროცესების შეფასების აუცილებლობას საქართველოსთვის დაპირებული მრავალმხრივი დახმარების კონტექსტში ხედავენ.
დოკუმენტით განისაზღვრა 180-დღიანი ვადა სახელმწიფო მდივნისთვის, რათა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შესაბამის კომიტეტს წარუდგინოს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შემფასებელი კონკრეტული ანგარიში. ვადის ათვლა დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ დაიწყება.
ანგარიშში გაანალიზებული უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შემდეგი მიმართულებებით:
- დგამს თუ არა ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად;
- ეფექტიანად ახორციელებს თუ არა საარჩევნო რეფორმას;
- სცემს თუ არა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი შტოების ზეგავლენებისგან დამოუკიდებლობის ჩათვლით;
- ეფექტიანად ატარებს თუ არა აუცილებელ პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით;
- იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს;
- იცავს თუ არა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს;
- იცავს თუ არა მედიის დამოუკიდებლობას.
ტექსტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის აუცილებლობა ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცების საქმეში.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავაც უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული ფასეულობების განგრძობად განმტკიცებაში, საარჩევნო რეფორმის გზაზე, კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულების შესრულებასა და ძალისხმევაში, რომ კერძო სექტორში დაცული იყოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერისა და დაცვის კუთხით“.
წამომადენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ პროექტში გათვალისწინებულია საქართველოს მრავალმხრივი მხარდაჭერა - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების, ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის ხელშეწყობისა თუ უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებებით.
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო ვერსია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წარმომადგენელთა პალატა და სენატი საერთო ვარიანტზე შეთანხმდებიან. საბოლოო ვარიანტის კენჭისყრა კონგრესის ორივე პალატაში უნდა გაიმართოს.
ორი კვირის წინ, როდესაც აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტი სენატმა დაამტკიცა, მასში გათვალისწინებული არ იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ ანგარიშის მომზადების ვალდებულება.
24 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ წერტილი დაესვა ოპოზიციის სპეკულაციებსა და მცდელობას - ვიწროპარტიული ინტერესები შეეტანა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაში.
თუმცა უკვე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დონეზე დამტკიცებულ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მინისტრმა აღნიშნა შემდეგი:
„ბუნებრივია, საუბარია ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და კანონის უზენაესობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებით, ასევე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს არის თანხა, რომელსაც აშშ ხარჯავს კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით. სახელმწიფო დეპარტამენტი, ისევე როგორც თავდაცვის დეპარტამენტი არის პასუხისმგებელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში და არის ვალდებული კონგრესს წარმოუდგინოს ანგარიში“.
დავით ზალკალიანი ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცე სურვილს დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს საქართველოს მრავალი მიმართულებით.
„აქტში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, მხარდაჭერილია არაღიარების პოლიტიკა. ხაზი აქვს გასმული რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავებას, საუბარია, საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობების დახმარების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებაზე.
იმ კონტექსტში, სადაც არის საუბარი, რომ თავდაცვის მდივანმა სახელმწიფო მდივანთან ერთად, 180 დღის განმავლობაში, კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, იქ საუბარი არაა მხოლოდ საქართველოზე, საუბარია უკრაინაზეც, ბოსნია-ჰერცოგოვინაზე, მოლდოვაზე. საუბარია იმაზე, რომ ამ ანგარიშში უნდა იყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ არსებული სიტუაცია ასახული, მათი სტატუსი; იყოს საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში გარდაცვლილ ადამიანებთან დაკავშირებით. ასევე საუბარი უნდა იყოს უსაფრთხოების სიტუაციაზე“.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის შინაარსმა ოპოზიციური სპექტრის დიდი ყურადღება მიიპყრო და დიდი ხმაურიც გამოიწვია.
- „სიცრუეა, რომ ეს საგანგაშო არ არის... არასდროს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში არანაირი მსგავსი ჩანაწერი არასდროს გაკეთებულა... ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განგაშმა ვაშინგტონში უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია“ - სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“;
- „აშშ-ის კონგრესი მოითხოვს გამოძიებას, კანონის უზენაესობისა და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერას და შესაძლოა, სანქციების მიზეზი გახდეს. საქართველოს დასავლური კურსი დიდ საფრთხეშია, ისევე როგორც უცხოური ინვესტიციები და ათი ათასობით სამუშაო ადგილი. ქვეყნის გაღარიბების შემდეგ, ამ მთავრობამ კიდევ ერთი ქართული ოცნება, დასავლური სამყაროს ღირსეული წევრობა დაამსხვრია“ - გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“.
ოპოზიციას არაფერი გაჰკვირვებია მანამდე განვითარებული მოვლენების გამო.
25 ივლისს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საბიუჯეტო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის უარყოფითი ანგარიშის შემთხვევაში.
საკითხი გადაწყდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით შეფასდება:
- დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება;
- კორუფციასთან ბრძოლა (მათ შორის - ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების დამტკიცება);
- კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა კერძო სექტორში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის ჩათვლით;
- უცხო ქვეყნის საწარმოებისთვის ზეწოლისგან თავისუფალი საქმიანობისა და კომერციული მოგების მიღების უზრუნველყოფა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად.
ამ დოკუმენტის თანდართული ანგარიშის ტექსტში დაზუსტებული იყო შესაფასებელი კრიტერიუმები და მაგალითად: საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი განხორციელება; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემა; ოპონენტებისა და მედიის უფლებების ხელშეუხებლობა თუ ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენების შეზღუდვა მთავრობის საქმიანობაზე.