ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. სახლში მყოფი მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები არ დაშავებულან. ნატყვიარები აქვს სახლის კარს და ფანჯრებს.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცავები, რომლებიც მომხდარ ფაქტზე მედიასთან არ ლაპარაკობენ. ქავთარაშვილების სახლში პოლიციელები ამ დრომდე რჩებიან.
პანკისელების ნაწილი მურად ქავთარაშვილს უკავშირებდა კონფლიქტს, რომლის შედეგად, 2019 წლის ნოემბერში, სოფელ საკობიანოსთან მოკლეს 37 წლის ვისო მუთოშვილი. თუმცა, ოფიციალურად მურად ქავთარაშვილი სისხლის სამართლის ამ საქმეში არანაირი სტატუსით არ ფიგურირებს.
არსებული ინფორმაციით, წუხელ პოლიციაში გამოსაკითხად მიიყვანეს 3 პირი, მათ შორის ვისო მუთოშვილის ძმა ასლან მუთოშვილი.