Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და რიგას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება


საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია „airBaltic“-ს შორის.

როგორც ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა განმარტავს, შეთანხმება მიღწეულია ფრენების სიხშირესთან დაკავშირებითაც:

„5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდთან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენებიც უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.

კერძოდ, 2020 წლის აგვისტოდან განახლდება რეგულარული ფრენები მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით.

უკვე ცნობილია, რომ მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება და რეისებს შეასრულებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa.

პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლა 8 აგვისტოდან აღდგება და რეისებს შეასრულებს ფრანგული ავიაკომპანია Air France.

საქართველომ ევროპის 5 ქვეყანას უპირობოდ გაუხსნა საზღვრები და, ამ წესის მიხედვით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენებით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა საკარანტინო რეჟიმში მოხვედრის გარეშე შეუძლიათ, თუმცა ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ ხუთი ქვეყნის რეზიდენტები, 14-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ.

საქართველო იმ 13 უსაფრთხო ქვეყანას შორისაა, რომლებთანაც ევროკავშირის საბჭომ წევრ სახელმწიფოებს 30 ივნისს მისცა საზღვრების გახსნის რეკომენდაცია.

XS
SM
MD
LG