Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იქცა თბილისის ზღვა სასაკლაოდ


უბედური შემთხვევები, რომლებიც თბილისის ზღვაზე ყოველ ზაფხულს ხდება, გაუმართავი კანონმდებლობისა და მერიის გულგრილობის ბრალია, ამბობენ კამპანიისიცურე მშვიდადმონაწილეები, რომლებიც, უკვე ორი წელია, აქციას აქციაზე აწყობენ. 21 ივლისს ზღვაზე კიდევ ორი ბავშვი დაიხრჩო.

21 ივლისს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ერთდროულად ორი შემთხვევის შესახებ აცნობეს. ვარკეთილში, „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ორი ბიჭი გაუჩინარდა. შემთხვევები ერთმანეთისგან ორმოცდაათიოდე მეტრის დაშორებით მოხდა და, წინასწარი მონაცემებით, ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდა. მოგვიანებით მაშველებმა ამ ადგილას ორი ცხედარი იპოვეს. სააგენტოში აცხადებენ, რომ დაღუპულები არასრულწლოვნები არიან. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

კამპანიის „იცურე მშვიდად“ წარმომადგენლებმა შარშან და შარშანწინ სწორედ ამ ადგილებში ორი აქცია ჩაატარეს და მერიას მოუწოდეს უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ზომები მიეღო.

2019 წლის აქცია
2019 წლის აქცია

„ეს ადგილი პლაჟის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში კი პლაჟი არ არის, პრობლემური ადგილია, იყო შემთხვევა, დედის თვალწინ მუხლამდე წყალში ბავშვი გაუჩინარდა და ვერავინ გაიგო, რა მოხდა. ჩვენი მოთხოვნა იყო, მერიას შეესწავლა ეს ადგილი. თუ შესაძლებელია აქ პლაჟის მოწყობა და საზოგადოებაც ჩათვლის საჭიროდ, გაკეთდეს პლაჟი და მაშველებიც განთავსდნენ. თუ სახიფათოა, მაშინ მინიმუმ ამკრძალავი ბანერები უნდა დაიდგას“, - ამბობს კამპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ალეკო ცქიტიშვილი.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისის ზღვაზე თემქის პლაჟის გარდა ბანაობა ყველგან აკრძალულია, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად კი წყალზე მაშველები პატრულირებენ, თუმცა ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ რეალურად მაშველები მხოლოდ პლაჟის ტერიტორიზე არიან: ერთ-ორ წრეს თუ დაარტყამენ ამხელა ზღვაზე, ამან რა უნდა უშველოს“? - ამბობს ის.

თუ მართლა არ შეიძლება ბანაობა, რაღაც მინიშნება ხომ უნდა იყოს?! გადახაზული მოცურავე კაცის ნახატი მაინც?!
მაკა ნუცუბიძე

თუმცა ისიც საკამათოა, მართლა აკრძალულია თუ არა ბანაობა იმ ტერიტორიაზე, სადაც პლაჟი არ არის. კამპანიის „იცურე მშვიდად“ მკვლევარი, მაკა ნუცუბიძე, ამბობს, რომ არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც მსგავსი რამ ეწეროს.

კანონქვემდებარე ნორმატიულმა აქტმა უნდა დაარეგულიროსო, გვეუბნებიან, ეს აქტი კი ჯერ არ მიუღიათ. თუ მართლა არ შეიძლება ბანაობა, რაღაც მინიშნება ხომ უნდა იყოს?! გადახაზული მოცურავე კაცის ნახატი მაინც?! მე როგორ უნდა მივხვდე, შეიძლება აქ ჩასვლა თუ არ შეიძლება?!“ - ამბობს მაკა ნუცუბიძე.

მკვლევარი განმარტავს, რომ, საერთაშორისო პრაქტიკით, წყლის მიმდებარე ტერიტორიები სამ ზონად უნდა იყოს დაყოფილი. ადგილებს, სადაც ბანაობა განსაკუთრებით სახიფათოა, შესაბამისი ბარიერებით ზღუდავენ, სადაც ნებადართულია - იქ მაშველები პატრულირებენ. არის კიდევ ადგილები, სადაც მაშველები არ მოძრაობენ, მაგრამ განთავსებულია ბანერი, რომელიც მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე ბანაობა პირადი პასუხისმგებლობაა.

კამპანია „იცურე მშვიდად“ ორი წლის წინ დაიწყო - მას შემდეგ, რაც თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, სადაც, შსს-ს მონაცემებით, ყოველწლიურად სამი ადამიანი იღუპება, 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი დაიხრჩო. მას შემდეგ მისი მამა, ალეკო ცქიტიშვილი, ამ ტერიტორიის შემოღობვას ითხოვს. ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე ამასვე ითხოვდნენ ამავე ადგილას დაღუპული 14 წლის ნოდარ შამათავას მშობლებიც. ისინი თანახმაც კი იყვნენ, რომ ტერიტორიის შემოღობვის ხარჯი თავად დაეფარათ.

საბოლოოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით ალეკო ცქიტიშვილს დასჭირდა სასამართლოსთვის მიემართა. სასამართლომ მერია დაავალდებულა ტერიტორია ბეტონით შემოეღობა, მაგრამ მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას დღემდე არ ეთანხმება და მას ზემდგომ ორგანოში ასაჩივრებს.

ასევე ნახეთ "თავისუფლების მონიტორის" 2019 წლის ჟურნალისტური გამოძიება - "სიკვდილის ზონები":

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG