მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, „რყევებით სავსე ეპოქაში“, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა და „დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში“.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების ცერემონიაზე გამოსვლისას ივანიშვილმა თქვა, რომ დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში საქართველოც დგება ახალი გამოწვევების და საკითხების ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე და საშინაო და საგარეო გამოწვევებს ქვეყანა მზად უნდა დახვდეს.
„ქართველების ბუნებაა პროგრესისკენ და განვითარებისკენ სწრაფვა, ამიტომაც მუდამ ერთგული ვართ და ვრჩებით ევროპული და ევროატლანტკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია“, - განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა. მან ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს.
ბიძინა ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ რთულ დროში, რთულ რეგიონსა და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ და ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკები და თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობიან განვითარებას.
ივანიშვილის განცხადებით, საქართველომ გამთლიანებისთვის უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი: „ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგების და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები“.
„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოფიციალური კამპანია დღეს კოჯრიდან დაიწყო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.