Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოესწრება სასამართლოში შაქარაშვილის საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით წაღება?


გამოძიებას მხოლოდ 10 დღე აქვს იმისათვის, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბრალდებულთა ნაწილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენოს და საქმის მასალები სასამართლოს, სხდომამდე 5 დღით ადრე, ანუ 26 ივლისისთვის გადასცეს.

იქიდან გამომდინარე, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში არასრულწლოვანი ბრალდებულებიც ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მათი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 40 დღეს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ წინასასამართლო სხდომა შემჭიდროვებულ ვადებში, 31 ივლისისთვის დაინიშნა. მოითხოვს თუ არა გამოძიება ვადის გახანგრძლივებას, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. უცნობია ისიც, მოახერხებს თუ არა გამოძიება ბრალდებულებისათვის 109-ე მუხლის წასაყენებლად სათანადო მტკიცებულებების შეგროვებას.

18-ტომიან საქმეში, რომელიც რამდენიმე ათას გვერდს აერთიანებს, ამ დრომდე, არ დევს არცერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც გამოკვეთს 17 ბრალდებულიდან, კონკრეტული პირების ბრალს განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მიმართულებით.

არადა, 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი მოითხოვს, რომ სწორედ 109-ე მუხლი წაუყენოს გამოძიებამ იმ „ტოიოტა კამრის“ ექვს მგზავრს, რომლებიც გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს მცხეთის მაგისტრალზე დაესხნენ თავს. მათი გამოჩენის შემდეგ უჩინარდება გიორგის კვალი, რომელიც მთავარმა მოწმეებმა ბოლოს მდინარე არაგვის მიმართულებით გაქცეული დაინახეს, ოთხი დღის შემდეგ კი მაშველებმა ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი წყალში დახრჩობით, ასფიქსიითაა მკვდარი. თუმცა, დასკვნაში ისიც წერია, რომ სიკვდილამდე ახლო პერიოდში, მას 12-მდე დაზიანება აქვს მიყენებული ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. ოჯახი დარწმუნებულია, რომ გიორგი არაგვის პირას სასტიკად სცემეს და შემდეგ ის წყალში ჩააგდეს. სწორედ ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დაემატა საქმეს კიდევ ერთი, 109-ე მუხლი.

ამ ეტაპზე, „ტოიოტა კამრის“ მგზავრებს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. „ტოიოტას“ არცერთი ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, რომ აღარაფერი ითქვას 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლზე.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, გამოძიება ახლა დიდწილად დამოკიდებულია ექსპერტიზის იმ პასუხებზე, რომელთა რაოდენობაც 150-ს აჭარბებს.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ მასალებში დევს 11 ივლისით დათარიღებული დოკუმენტი, რომელსაც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი აწერს ხელს და სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების მიზნით, მიმართავს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რათა ჩატარდეს კომპლექსური ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური, ტრასოლოგიური, დაქსტილოსკოპიური ექსპერტიზა. გამომძიებლის მიერ ექსპერტიზისთვის დასმულ კითხვათა რაოდენობა ჯამში შეადგენს 169-ს.

მაგალითისათვის, გამომძიებელი ექსპერტიზას სთხოვს:

  • 17 ბრალდებულის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე თმის არსებობის შემთხვევაში, ის შეადარონ გიორგი შაქარაშვილის თმას.
  • ასევე, გიორგი შაქარაშვილის ფრჩხილის ნიმუშში აღინიშნება თუ არა ადამიანის ბიოლოგიური მასალა (სისხლი, ოფლი, ნერწყვი), დადებით შემთხვევაში, განისაზღვროს გენეტიკური პროფილი და შედარდეს როგორც ბრალდებულების, ისე გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფი ახალგაზრდების გენეტიკურ პროფილთან.
  • ან, გიორგი შაქარაშვილის კუთვნილ წელზე შემოსაკრავ შავი ფერის ჩანთასა და მასში არსებულ ნივთებზე, აღინიშნება თუ არა ადამიანის ბიოლოგიური მასალა და ის შედარდეს როგორც ბრალდებულების, ისე აგარაკზე, დაბადების დღეზე მყოფი ახალგაზრდებისა და მცხეთის მაგისტრალზე, ინციდენტის დროს შაქარაშვილთან ერთად მყოფი ახალგაზრდების გენეტიკურ პროფილთან.

სისხლის სამართლის იურისტების პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მსგავსი ტიპის გამოკვლევებმა, რამდენიმე თვეც კი გასტანოს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება, როგორც ჩანს, ბრალის წასაყენებლად, ძირითადად ექსპერტიზის პასუხებზე ამყარებს იმედებს, დარგის სპეციალისტებისთვის გაუგებარია, რატომ შეიზღუდა ბრალდებამ თავი ვადებში, რატომ არ გამოყო საქმიდან 109-ე მუხლი და რატომ არ დაიწყო ამ მუხლით ცალკე გამოძიება.

ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვარაუდობს, რომ დღეს არსებული მდგომარეობა, გამოძიებას, დიდი ალბათობით, არ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ 31 ივლისს, წინასასამართლო სხდომაზე, შაქარაშვილის საქმე 109-ე მუხლითაც წავიდეს და თუკი სხდომა 31 ივლისს მაინც ჩატარდება, სასამართლოს მხოლოდ სამ მუხლზე მოუწევს მსჯელობა - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ:

„საინტერესოა, რატომ არ გამოიყო ცალკე წარმოებად 109-ე მუხლი. ახლა რეალურად, პროკურატურა თავს იზღუდავს და იმცირებს გამოძიების დროს. თუკი საქმე ცალკე გამოიყოფოდა, მტკიცებულებების შესაგროვებლად და შემდეგ უკვე ბრალის წასაყენებლად, გამოძიებას ექნებოდა საკმარისი დრო. ახლა, გონივრული გადაწყვეტილება ის იქნება, რომ გამოძიების ვადა გახანგრძლივდეს და სასამართლო სხდომა 31 ივლისს არ ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ვერ მოგროვდა სათანადო მტკიცებულებები, საქმე სასამართლოში წარიმართება სამი მუხლით და 109-ე მუხლი დარჩება ჰაერში, რაც ნონსენსია. სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობით, ეს საქმე მაინც ცალკე გამოიყოფა, თუკი, გამოძიებას სურს საქმის ეფექტურად გამოძიება“.

კითხვა, შაქარაშვილის საქმიდან 109-ე მუხლის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც 9 ივლისს, საგამოძიები უწყებაში საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი მივიდა. თუმცა, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა 9 ივლისს მასთან, ამის შესახებ საქმის მასალებში არაფერი წერია.

სწორედ ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ნაწილი, ცალკე საქმედ გამოიყო და შესაძლოა, ამირხანაშვილიც სწორედ ამ საქმის ფარგლებში იყო დაბარებული საგამოძიებო უწყებაში.

თუმცა, 16 ივლისს, რადიო თავისუფლებას საგამოძიებო უწყებაში განუმარტეს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმე არ გაყოფილა და გამოძიება ერთ საქმეზე, ოთხი მუხლით მიმდინარეობს.

რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებების გამო დაიბარეს ამირხანაშვილი 9 ივლისს საგამოძიებო უწყებაში, ამის შესახებ ინფორმაცია არც შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების ადვოკატებს აქვთ.

თუკი შაქარაშვილის საქმიდან ცალკე წარმოებად არ არის გამოყოფილი განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლი და ამირხანაშვილი ცალკე გამოყოფილ საქმეზე არ იყო დაბარებული საგამოძიებო ორგანოში, მაშინ რჩება კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ამირხანაშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოიძახეს და ამ ინფორმაციაზე წვდომა ადვოკატებს შეეზღუდათ - ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება დაცვის მხარეს ეზღუდება სასამართლოს მიერ, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, მას შემდეგ მიმართა რაც მათ დილით, გურამ ამირხანაშვილი დაუკავშირდა და იკითხა, დაბრუნდა თუ არა გიორგი სახლში. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

XS
SM
MD
LG