საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებაზე ზედამხედველობის მიზნით პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობას მხარს უჭერს გარდაცვლილის ოჯახი.
„2020 წლის 13 ივლისს სახალხო დამცველი შეხვდა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს და მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ. ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას.
ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკვე მოინახულეს 17-ვე ბრალდებული.
აპარატი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას საქმის შესწავლის პარალელურად შეხვდეს და მოუსმინოს ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით მათი წუხილების ან/და საპროცესო უფლებდარღვევების თაობაზე”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, უწყებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება.
სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით, რათა შეისწავლოს გამოძიების ეფექტურობა და მეორეს მხრივ, შეაფასოს სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა:
„ჩვენი როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას სიცოცხლეში არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული, მისი გარდაცვალება კი ასფიქსიამ გამოიწვია, რომელიც წყალში დახრჩობით მოხდა. ამ საქმესთან შემხებლობაში დაკავებულია 17 პირი, თუმცა შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილზე ბრალი არცერთ მათგანს არ აქვს წაყენებული.