Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული "ტოიოტას მგზავრების" ადვოკატები ბრალის დამძიმებას გამორიცხავენ


ადვოკატები აცხადებენ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს, რომლებიც Toyota Camry-ის მგზავრებად არიან საზოგადოებისთვის ცნობილი, არსებული მტკიცებულების საფუძველზე ბრალი ვერ დაუმძიმდებათ. ამ მანქანით მცხეთაში 6 პირი ჩავიდა, გარდაცვლილი შაქარაშვილის ოჯახი კი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ყველა მათგანისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან არასრულწლოვნის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ბრალის დამძიმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც დადგინდება, კონკრეტულად რა საგნებით მიიღო გარდაცვლილმა გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები.

"არ არსებობს არცერთი ჩვენება, არცერთი ვიდეოკადრი, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა, ფიზიკური სიახლოვე ჰქონდათ "ტოიოტა კამრის" მგზავრებს. შესაბამისად, მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულების მიმართ დამძიმდება ბრალი განზრახ მკვლელობით, არ გვაქვს", - თქვა მან.

ამავე არხთან ისაუბრა კიდევ ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ. ის ამბობს, რომ გამოძიებას ბრალის დასამძიმებლად მტკიცებულებები არ უმაგრებს ზურგს.

"ერთია დაცვის მხარის პოზიცია და მეორეა პროკურატურის დისკრეცია მოცემულ საკითხთან მიმართებაში", - თქვა მან.

მსგავსი პოზიცია აქვს არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატს. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები არ აღენიშნება, რაც გამორიცხავს შაქარაშვილთან შემხებლობას.

"სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე ფორმით ბრალი დაუმძიმდეს", - განუცხადა TV პირველს ალექსანდრე კობაიძემ.

გუშინ, 10 ივლისს ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილი ასფიქსიით, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. გარდა ამისა, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

საქართველოს პროკურატურამ შაქარაშვილის სხეულზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ კიდევ ერთი მუხლით გამოძიების გაგრძელებაზე განცხადება გაავრცელა. უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტი).

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

XS
SM
MD
LG