თუ შეძლეს ხელედურა ჰესის შეჩერება,
თუ შეძლეს პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის შეჩერება,
თუ ჭრებალოს დატბორვა გადაიფიქრეს,
გადავაფიქრებინოთ ონის ჰესების კასკადის მშენებლობაც!
ასე მოუწოდებენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის „არა ონის კასკადს“ ორგანიზატორები ყველას, ვინც 4 ივლისს, ქალაქ ონის სადგურში შეიკრიბება და აქციაში მონაწილეობას მიიღებს.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ერთი სათქმელი აქვთ - არ აშენდეს ზემო რაჭაში 206 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომელზეც გარემოსდაცვითი ნებართვა 2020 წლის 17 მარტს გაიცა.
ამ მიზნით მოძრაობა „არა ონის კასკადს“ სოციალურ ქსელში ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურ კამპანიას ეწევა. მოძრაობის წევრები, თანამოაზრეები, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და არა მხოლოდ, ასევე გარემოსდამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი, რაჭისთვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.
ჩაიწერა არაერთი საინფორმაციო ვიდეო, მომზადდა არაერთი სიუჟეტი და გაიმართა საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. და როგორც რაჭის სათემო ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ეთო არსანიძე ამბობს, დღეს ხალხმა ონში დაგეგმილი ჰესის მშენებლობაზე გაცილებით მეტი იცის, ვიდრე თვეების წინ.
„ხალხს ონში ჰესის აშენების საფრთხეებზეც უფრო ნათელი წარმოადგენა შეექმნა. კორონავირუსის გამო ხალხს პირისპირ ხშირად ვერ ვხვდებოდით, მაგრამ სოციალური ქსელის მეშვეობით ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა, მგონია, რომ კამპანიაში „არა ონის კასკადს“ მეტი ადამიანია ჩართული“, - გვითხრა ეთო არსანიძემ.
ამ დრომდე, როგორც ეთო ამბობს, დუმს ადგილობრივი ხელისუფლება - მათი მხრიდან ონში ჰესის აშენებასთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
4 ივლისს აქციაში მონაწილეობის მისაღებად არა მხოლოდ ონის და ამბროლაურის მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას, ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ჩავლენ თბილისიდანაც.
დაგეგმილია იგივე შინაარსის აქცია ბერლინშიც, საქართველოს საელჩოსთან.
ერთი საპროტესტო აქცია ონის კასკადის საწინააღმდეგოდ უკვე გაიმართა თბილისში და აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების გაუქმება და დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა იყო.
მოთხოვნები ონშიც უცვლელი რჩება.
ეთო არსანიძე ასევე ამბობს, რომ ახლა ყველა მოელის როგორი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოს პასუხი, რომელსაც ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და „საიამ“ გარემოსდაცვითი ნებართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართეს.
რაც შეეხება სს „ ონის კასკადს“, პროექტის მენეჯერმა, ზაზა ბაკურაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯერჯერობით სიახლე არაფერია, „ონის კასკადი“ მოელის მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროსგან. სევე გრძელდება მოლაპარაკება მთავრობასთან ელექტროენერგიის ტარიფის თაობაზე.
ონში კი, საპროტესტო აქცია 4 ივლისს, 4 საათზეა დაგეგმილი.