ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიესალმება საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას, თუმცა, აცხადებს, რომ სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმა.
ჰარცელი მიესალმა ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ ისეთ სასიკეთო ცვლილებებს, როგორიცაა საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა მიერ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებების რეგულირება, მეორე ტურებისთვის მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციები, ქალთა წარმომადგენლობის მხარდაჭერა, საარჩევნო კომისიების წევრებთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის წესების დახვეწა და პარტიების დაფინანსების რეგრესული მოდელი.
ამასთან, ევროკავშირის ელჩი მიიჩნევს, რომ „სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება“.
კარლ ჰარცელი წუხილს გამოთქვამს, რომ ხელიდან იქნა გაშვებული ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით მიღების შესაძლებლობა.
ელჩის განცხადებით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების - დაიცვას დემოკრატიული პროცესები და კანონის უზენაესობა - შესრულების შესაფასებლად.
ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს საქართველოსთვის დახმარების გაწევა მისი მიზნის მიღწევაში, რაც გულისხმობს შემოდგომაზე არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.
საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 2 ივლისს მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსსა და მისგან გამომდინარე კანონებში.