"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, სალომე სამადაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის განცხადებას გიორგი რურუას თაობაზე დიპლომატიურ შეცდომას უწოდებს. ასე შეაფასა მან კნირშის ის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმების დოკუმენტში ნახსენები არ ყოფილა.
"პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც, სამწუხაროდ, ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოს ელჩს, გარკვეულწილად, დიპლომატიური შეცდომა მოსდის... ამ შემთხვევაშიც, მან, გარკვეულწილად, არაზუსტი ინფორმაცია თქვა იმიტომ, რომ, დიახ, კონკრეტული სახელი და გვარები არ ყოფილა 8 მარტის შეთანხმებაში, მაგრამ ზეპირი შეთანხმებით ყველამ იცოდა, რა საკითხებს შეეხებოდა", - თქვა სამადაშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლება გაიხსენა, რომელზეც აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების ნაწილი იყო.
გუშინ, 26 ივნისს გერმანიის ელჩმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მან განმარტა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები.
"8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება".
გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ. ორშაბათს, 29 ივნისს კი საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი უნდა შეიცვალოს. ამ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რაშიც, მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებაც იყო გათვალისწინებული.