Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მინდვრებსა და ავტომანქანის საბარგულებშიც აძლევენ


რუსეთში გრძელდება საყოველთაო ხმის მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებების, მათ შორის პრეზიდენტობის ვადის „განულებისთვის.“ ეს ცვლილება პუტინს მისცემს შესაძლებლობას პრეზიდენტად კენჭი ახალი ვადებით იყაროს და ხელისუფლების სათავეში დარჩეს 2036 წლამდე.

სოციალურ ქსელებში ვრცლდება უამრავი ფოტო და ვიდეომასალა, თუ როგორ ხდება ხმის მიცემა საარჩევნო უბნებს მიღმა. რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ღია ცის ქვეშ მოწყობილია სპეციალური ადგილები.

ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის შტაბი ხაბაროვსკიდან ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც ჩანს, რომ ხმის მისაცემად „უბანი“ გახსნილია ავტომანქანის საბარგულში.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვა კი აცხადებს, რომ არანაირ საბარგულებში ხმის მიცემა არ ხდება და ეს არც არის გათვალისწინებული. საარჩევნო „უბნები“ გახსნილია მინდვრებშიც.

ხმის მიცემა ორჯერ უპრობლემოდ შეძლო ტელეკომპანია „დოჟდის“ წამყვანმა პაველ ლობკოვმა - ერთხელ საარჩევნო უბანზე და მეორედ ელექტრონულად. ხმის ელექტრონულად მიცემა მოსკოვშია შესაძლებელი.

საყოველთაო კენჭისყრა 1 ივლისამდე გაგრძელდება. რუსეთის ტერიტორიაზე გახსნილია 96 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი და კიდევ 254 მსოფლიოს 144 ქვეყანაში.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედია არაერთხელ იუწყებოდა, რომ დამსაქმებლები და ხელმძღვანელები მოქალაქეებს მასობრივად აიძულებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას.

რუსეთის კონსტიტუციის შეცვლის ინიაციატორი პრეზიდენტი პუტინია. 2020 წლის იანვარში მან განაცხადა, რომ ცვლილებები ხალხმა უნდა მოიწონოს საყოველთაო კენჭისყრით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს გათვალისწინებული არ არის. ხმის მიცემა 22 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო.

XS
SM
MD
LG