სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრებს მოუწოდებს რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენის დადასურებამდე ბილეთები არ იყიდონ. ამის შესახებ სააგენტოს იმ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ფრენების აღდგენის პირველ აგვისტომდე გადადებაზეა საუბარი.
"გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ფრენების აღდგენის ივლისის ბოლომდე გადადების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გაავრცელა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა: საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინი და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა.
საქართველოში ავიამიმოსვლა, გამონაკლისების გარდა, 20 მარტიდან კორონავირუსის საფრთხის გამო შეჩერდა.