საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ "თიბისის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები არ იკვეთება. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.
"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ძალიან დეტალურად შევისწავლეთ. ჩვენი მთავარი მიგნება არის ის, რომ წარდგენილი ბრალი, სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია არ არის სწორი. საქმეში არ არის შემადგენელი კრიტერიუმები და გარემოებები, რაც შექმნიდა ფულის გათეთრების დანაშაულს. ფულის გათეთრება საერთაშორისო დანაშაულია და მას აქვს თავისი სტანდარტები, თავისი შემადგენელი ელემენტები. ვფიქრობთ, მათ მიმართ წარდგენილი ბრალი იმ სავალდებულო ელემენტებს არ აკმაყოფილებს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ პირს წარედგინოს ბრალი ფულის გათეთრების ბრალი", - თქვა მან.
"თიბისი ბანკის" ირგვლივ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია გასული წლის იანვარში გავრცელდა. მაშინ საგამოძიებო ორგანოში განმარტეს, რომ ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში დამფუძნებლები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.
ამ საქმეზე ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ფულის გათეთრების მუხლით გასული წლის 24 ივლისს წარუდგინეს. მათ გამოძიება 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.