ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას:
„მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა 8 მარტის შემდეგ. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად“.
21 ივნისს, 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც იცვლება არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი. ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა.
ამ ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა.