Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებმა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს


ბესლან კმუზოვი, ზაზა სვანაძე და ლევან ცაავა საქართველოს წინააღმდეგ - 20 ივნისის ღამეს დაზარალებული სამი ჟურნალისტის საქმეს სტრასბურგის სასამართლომ ნომერი მიანიჭა.

„გურია ნიუსის“ ჟურნალისტი მერაბ ცაავა ჰყვება, რომ 20 ივნისის ღამეს დაბრმავებისგან მხოლოდ სახეზე აფარებულმა ხელმა იხსნა. რეზინის ტყვია ხელში მაშინ მოხვდა, როცა კამერა თვალთან ჰქონდა მიტანილი და დარბევას იღებდა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ მიზანმიმართულად ესროდნენ.

„Кавказский Узел“-ის ჟურნალისტს, ბესლან კმუზოვს, ექვსამდე ტყვია ესროლეს, მათ შორის თავშიც, რის გამოც ნაკერების დადება დასჭირდა.

„აქციას ვიღებდი. თავიდან სამართალდამცავები არაფერს მერჩოდნენ, თითქოს დაცულადაც კი ვგრძნობდი მათთან თავს. უკვე 21 ივნისი იყო, როცა ჩემ წინ კაცი დაეცა, მუცელი გადახსნილი ჰქონდა, ნაწლავი -გადმოვარდნილი. გაგონილი მაქვს, რომ ეს სასიკვდილო ჭრილობაა. ხალხს მივეხმარე, რომ სამშვიდობოს გაგვეყვანა. უკან დაბრუნებული სამართალდამცავებისკენ ხელებაწეული წავედი, თან ვიძახდი: „თქვენ კაცი მოკალით“. მინდოდა სცოდნოდათ, რომ მათი ტყვიები ლეტალურია. დარწმუნებული ვარ, არ იცოდნენ ამის შესახებ. მეხუთედ რომ დავიყვირე, ყველამ ერთად მესროლა“, - ამბობს ბესლან კმუზოვი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 20 ივნისს, აქციის დაშლისას, მედიის 39 წარმომადგენელი დაშავდა. ამასთან, აქციის დაშლამდე სამართალდამცავებს ისინი არ გაუფრთხილებიათ. მედიის წარმომადგენლების ნაწილი ხაზგასმით აცხადებს, რომ სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს და თან ლანძღავდნენ კიდეც.

ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოთხოვნები, რომ პროკურატურას ძიება დაეწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რომელიც ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. 20-21 ივნისს დაზარალებულ არც ერთ ჟურნალისტს არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ძალადობის ფაქტი თავადვე გადაიღო და ჩანაწერები არსებობს.

„68 პოლიციელი ცნეს დაზარალებულად და ჟურნალისტები - არა. ჩვენ აქ ყველა ინსტანცია მოვიარეთ, დაზარალებულად ცნობას ვითხოვდით. ყველგან უარი გვითხრეს და ამის შემდეგ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს“, - ამბობს ბესლან კმუზოვის ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე.

Gmtv.ge-ის კორესპონდენტი ზაზა სვანაძე ჰყვება, რომ აქციის გაშუქებისას მის თავზე გადადიოდა ქვები, ხელკეტები და რკინის კონსტრუქციებიც კი.

„სპეცრაზმელებმა სცენის კონსტრუქცია წიხლით დააგორეს. კინაღამ მომიყოლა. შემდეგ საერთო ხედს ვიღებდი კიბეებთან, როცა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა დამიზნებით მესროლა. ექვსი ტყვია მომხვდა, საფანტის მსგავსი იყო, ერთი გასროლის შემდეგ რომ იშლება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მათი მისამართით არაფერი მითქვამს, კითხვაც არ დამისვამს. სწრაფი ნაბიჯებით დავეშვი ბარათაშვილის ქუჩისკენ. სისხლი კოჭებამდე ჩადიოდა, სისხლისდენა მთელი ღამის განმავლობაში ვერ შევიჩერე“.

ზაზა სვანაძე ამჯერად ბელგიაში თავშესაფარს ითხოვს. როგორც თავად ამბობს, მიზეზი ის არის, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა წამოიწყეს.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში. სტრასბურგში ჟურნალისტები კვლავ დაზარალებულად ცნობას ითხოვენ.


შენიშვნა: სტატია შესწორებულია. მასალას დაემატა მესამე დაზარალებული ჟურნალისტის - ზაზა სვანაძის ისტორია და მასთან ჩაწერილი ინტერვიუს ფრაგმენტი.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG